
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 6.9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.4 მილიონი შეადგინა, მათ მიერ განხორციელებული ვიზიტები – 1.6 მილიონი, ხოლო ტურისტული ტიპის ვიზიტები 1.3 მილიონი იყო, რაც 10.7%-ით მეტია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
რომელი ქვეყნები ლიდერობს ვიზიტებში?
- რუსეთის ფედერაცია – 309.4 ათასი ვიზიტორი (22.4%);
- თურქეთი – 17.6%;
- სომხეთი – 10.8%
ვიზიტების რაოდენობის მიხედვითაც ლიდერობს ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი – 361.8 ათასი ვიზიტი, შემდეგ მოდის თურქეთი – 308.3 ათასი და სომხეთი – 210 ათასი ვიზიტი.
სად მიდიან ტურისტები საქართველოში?
საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა კვლავ მოდის ორ ძირითად მიმართულებაზე:
- თბილისი – 928.3 ათასი ვიზიტი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 629.8 ათასი ვიზიტი;
ეს ნიშნავს, რომ თბილისი და ბათუმი რჩება საერთაშორისო ტურისტების ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად, ხოლო ვიზიტების თითქმის ნახევარი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზანს ემსახურება (49.4%). ვიზიტორების უმეტესობა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას ეკუთვნის (46.5%), ხოლო ქალების წილი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობაში 41.8%-ს შეადგენს.