„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის შედეგად მორიგი დარღვევები გამოვლინდა.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ მოქალაქეების ერთი ნაწილისთვის კვლავაც გაუგებარია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები დახურული სივრცის კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც, ისევე როგორც თავშეყრის სხვა დახურულ ადგილებში, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისა და ჩილიმის მოწევა აკრძალულია.
მათივე ცნობით, თბილისში, ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე არსებულ ოქროს ბირჟის დახურულ სივრცეში გამყიდველები და რეალიზატორები ეწეოდნენ სიგარეტს, რაზეც საპატრულო პოლიციამ რეაგირება მოახდინა.
„მოქალაქეები თუ თვალს არ დახუჭავენ მსგავსი დარღვევების ფაქტებზე, საზოგადოება სრულად გაათვითცნობიერებს, რომ მოწევის რეგულაცია საჯარო სივრცის ყველა დახურულ ნაწილში ვრცელდება. არაერთხელ გვითქვამს და ვიმეორებთ, საჭიროა, ყველანი კანონის აღსრულების მონიტორები გავხდეთ, რადგან მოწევის რეგულაციების აღსრულებით ჩვენ ვიღებთ სუნთქვისთვის უსაფრთხო სივრცის გარანტიას.
აღსანიშნავია, რომ ზამთარის სეზონის მოახლოების გამო, მოწევის რეგულაციისთვის თავის არიდების მიზნით, სამასპინძლო დაწესებულებების ერთმა ნაწილმა გარკვეულ ხრიკებს მიმართა. ტერიტორიებს, რომელიც ე.წ. ღია სივრცეებად აქვთ გამოყოფილი, კონსტრუქციული, ასახდელი სახურავები გაუკეთეს, რომელიც მთლიანად იხსნება და დაწესებულებას უფლებას აძლევს, აღნიშნულ სივრცეში კედლების არსებობის შემთხვევაში მოწევა დაუშვას. თუმცა, აღნიშნული კონსტრუქცია დანიშნულებისამებრ მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ მოწევის ფაქტზე ვინმე შენიშვნას დააფიქსირებს ან საპატრულო პოლიციას გამოიძახებს. სამასპინძლო დაწესებულების წარმომადგენელი ერთგვარ მინისპექტაკლს დგამს, სახურავი იხსნება და პოლიციის თვალწინ ხსნის. თუ ევროპული წესრიგისკენ მივისწრაფვით, კანონთან ასეთი თვალთმაქცობა უხერხულია. ამასთან, პასუხისმგებლობისგან ვერავის დაიცავს.
დარღვევები ფიქსირდება სავაჭრო ობიექტებში, რომელთა ნაწილი კვლავაც ხილულად ყიდის თამბაქოს ნაწარმს. ძირითადად, ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს, რომლებიც ხშირად განთავსებულია ტკბილეულთან, საბავშვო და სხვა სახის პროდუქტებთან ერთად, საერთო დახლზე ან სტენდზე, ძირითადად, სალაროსთან. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურს რეაგირებისთვის. რეკლამების კუთხით დარღვევებიც თამბაქოს ახალ პროდუქტებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, მოწევის რეგულაციის ან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის რეალიზაციის დარღვევის ფაქტებზე თვალს ნუ დახუჭავთ, დარეკეთ 112-ზე ან გაგზავნეთ შეტყობინება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით“, – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.