ევროპის ადამიანის უფლების დაცვის სასამართლომ ქობულეთის პანსიონის საქმეზე მუსლიმების მიმართ დარღვევა დაადგინა.
“სახელმწიფომ მუსლიმი თემის უსაფრთხოების და უფლებების დაცვაზე დემონსტრაციული უარი თქვა და ამ დრომდე უკვე 9 წელია იმავეს აკეთებს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ მოსარჩელეების მიმართ დაარღვია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და რელიგიის თავისუფლება, დისკრიმინაციასთან ერთად, ასევე საკუთრების უფლება.
ეს საქმე ყველას გვახსოვს იმ შემზარავი ისლამოფობიური აქტით, როცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა პანსიონატის ჭიშკართან ღორი დაკლა და მისი თავი შენობის კარზე მიაჭედა. მომდევნო თვეები კი პანსიონატის შენობასთან ორგანიზებული აქციებით და მორიგეობით ავიწროებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სასულიერო პირებს და პანსიონატის თანამშრომლებს. ეს აქტი ისლამოფობიის კლასიკური შემთხვევა იყო და უმძიმესი გამოცდილების გამოვლა მოუწიათ ადამიანებს.
ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სამართლის სისტემის შიგნით ჩვენი მოქალაქეები ვერ იღებენ დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას, ამას ვახერხებთ ევროპული სასამართლოს გზით და მართლმსაჯულება მაინც ზეიმობს,“ – წერს სოციალურ ქსელში თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი.