
ჩვენი ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ “გონიოს” ახალ მთავარ მწვრთნელად რევაზ გოცირიძე დაინიშნება. გოცირიძე გამოცდილი ქართველი სპეციალისტია. მან სამწვრთნელო კარიერა 2015 წელს „საბურთალოში“ დაიწყო, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციას იკავებდა. 2017 წლის იანვრიდან დეკემბრამდე იყო ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელი.
2019-2021 წლებში გოცირიძე წვრთნიდა საფეხბურთო კლუბ „თელავს“, ხოლო 2022-2023 წლებში მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მუშაობდა „ქობულეთის შუქურაში“. მისი ხელმძღვანელობით, „შუქურამ“ 2022 წელს ეროვნული ლიგა 2 მოიგო.
გოცირიძის ბოლო სამუშაო ადგილი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო, სადაც ის 2023-2024 წლებში მუშაობდა. ამ პერიოდში გუნდთან ერთად 65 მატჩი ჩაატარა: მოიგო 25 შეხვედრა, წააგო 24, ხოლო 16 ფრეით დასრულდა.
„გონიოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ლევან ჯოხაძემ კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე