აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, მკურნალობის გაგრძელებისთვის გერმანიაში იმყოფება, ინფორმაცია „TVპირველთან“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა დაადასტურა. მისი მტკიცებით, რიჟვაძის გერმანიაში წასვლა მხოლოდ სამკურნალო მიზნით მოხდა და ეს არ უკავშირდება ქვეყნის დატოვებას.
ახვლედიანის მტკიცებით, რიჟვაძეს მხედველობა არ დაუკარგავს, თუმცა თვალის პრობლემები კვლავ აქვს. პირველი ოპერაციის შემდეგ, მისივე თქმით, მდგომარეობის სრულად გამოსწორებას ელოდნენ, თუმცა თვალში სითხე ხელახლა ჩაუდგა, რის გამოც დამატებითი მკურნალობა გახდა საჭირო.
„თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორეს გასაკეთებლად წავიდნენ, გერმანიაში საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემაა ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში,“ – თქვა ახვლედიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა რიჟვაძე საქართველოში, ახვლედიანმა უპასუხა:
„რა თქმა უნდა, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს, რა პრობლემაა. თავშესაფართან დაკავშირებით მსგავსი არაფერი მსმენია და რატომ უნდა მოითხოვოს, იმასაც ვერ ვხვდები.“
მისივე განმარტებით, მას პირადად თორნიკე რიჟვაძესთან არ უსაუბრია, თუმცა მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებისგან მიიღო.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად გერმანიაში იმყოფება



