
არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით – ნათქვამია “მედიაომბუდსმენის” განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო საფრთხის შემცველი.
“საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. “ძველი ბიჭებისგან”. უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს.
ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა. ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული.
თბილისის უბნებზე ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდა. ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც. იყო შემთხვევა, როცა ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ უბანზე გადაღების უფლება საერთოდ არ ჰქონდა.
აგრესია კენჭისყრის შემდეგაც არ შეწყვეტილა. არჩევნების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრმა და სპორტსმენმა, ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას პირადში მიწერა და შეურაცხყოფა მიაყენა.
“მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა. დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება.
მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ. წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს ჩვენთვის ცნობილი დარღვევების მხოლოდ ნაწილს, რომელშიც უკვე მკვეთრად გამოკვეთილია დანაშაულის ნიშნები.
სატელევიზიო მაუწყებლები:
- მარიამ გაფრინდაშვილი – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
- პაპუნა ხაჩიძე – ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
- მარიამ მაკასარაშვილი – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
- ნუკრი ქაფიაშვილი – ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
- თამთა დოლენჯაშვილი – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
- ნიკო კოკაია – ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
- ნინი ელიკაშვილი – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
- ირაკლი მურმანიშვილი – ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
- გვანცა ჩხიკვაძე – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
- სოფო ნიაური – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
- დავით ბერაძე – ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
- მაკა ანდრონიკაშვილი – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
- გიორგი შეწირული – ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
- გიორგი დვალიშვილი – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
- ლაშა ჯიოშვილი_ ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
- ია გულიაშვილი – მთავარი არხი, ჟურნალისტი
- ლევან დვალი – მთავარი არხი, ოპერატორი
- ქეთა ციცქიშვილი – მთავარი არხი, ჟურნალისტი
- დავით ბადაგაძე მთავარი არხი, ოპერატორი
- თეა ვაშალომიძე – “მთავარი არხი” ჟურნალისტი
- ბაჩანა ოქროპირიძე – მთავარი არხი, ოპერატორი
- ნინა მაჩაბელი – “მთავარი არხი” ჟურნალისტი
- გიორგი ჩანტლაძე – მთავარი არხი, ოპერატორი
- თიკო ერაძე – “ფორმულა” ჟურნალისტი
- ნუცა ბახუტაშვილი – “ფორმულა” ჟურნალისტი
- გიგა აღდგომელაშვილი – “ფორმულა” ოპერატორი
- თამარ თედიაშვილი – “ფორმულა” ჟურნალისტი
- ლერი როგავა – “ფორმულა” ოპერატორი
- დავით ჭაბაშვილი – “ფორმულა” ჟურნალისტი
- აგილ რუსტამოვი “ფორმულა” ოპერატორი
- დავით მანია – “ფორმულა” ჟურნალისტი
- ირაკლი შენგელია – “ფორმულა” ოპერატორი
- მარი წაქაძე – “ფორმულა” ჟურნალისტი
- ბექა ქორჩილავა – “ფორმულა” ოპერატორი
- ნიკა ბურჭულაძე – „ლაგოდეხის ტელევიზია“ ჟურნალისტი
ონლაინგამოცემები:
- ვლადიმერ ჩხიტუნიძე – “რადიო მარნეული”ჟურნალისტი
- თიკო დავაძე – “რადიო მარნეული” ჟურნალისტი
- გიგა გელხვიიძე – cnews ჟურნალისტი
- დავით მჭედლიძე – რადიო თავისუფლება, ჟურნალისტი
- მინდია გაბაძე – ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორი
- შაკო ბრეგაძე – ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორი
- დიტო ბელქანია – “მრავალკუთხედი”რეპორტიორი
- გელა მთივლიშვილი – „საქართველოს ამბები“ ჟურნალისტი
- ლადო ქუთათელაძე – „საქართველოს ამბები“ ჟურნალისტი
- ჰერმინე ვირაბიანი – OC მედია, ჟურნალისტი
- რაფიგ შაბაზოვი – OC მედია, ჟურნალისტი
- თეკლა ჩხაიძე – OC მედია, ჟურნალისტი
- ზეინაბ ისგანდაროვა – OC მედია, ჟურნალისტი
- ქრისტინა კვაჭანტირაძე – OC მედია, ჟურნალისტი
- აითან ფარადოვა – OC მედია, ჟურნალისტი
არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი იყო “მედიაომბუდსმენის” საკონსულტაციო ცხელი ხაზი. ორგანიზაცია ეტაპობრივად ატყობინებდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ჟურნალისტების და ოპერატორების ნაწილი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.
კენჭისყრის დღის ხელშეშლების შესახებ დეტალურად:
- კენჭისყრის წინა დღეს, 2024 წლის 25 ოქტომბერს „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს გურჯაანის მეორე საარჩევნო უბანზე მუშაობის დროს ქალაქის სპორტსკოლის მაშველი, კახა დევიძე დაუპირისპირდა. ჟურნალისტის, ია გულიაშვილის თქმით, ისინი საარჩევნო უბანზე კონკრეტული ფაქტის გადამოწმებას ცდილობდნენ. „გურჯაანის #2 საარჩევნო უბანზე იმის გასარკვევად მივედი, თუ როგორ მოხდა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ერთსა და იმავე მისამართზე ათეულობით ადამიანი ჰყავთ რეგისტრირებული“. როგორც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი „მედიაჩეკერთან“ ჰყვება, გადამღები ჯგუფის ადგილზე მუშაობის დროს, დაცვის პოლიციელები მივიდნენ, რომლებსაც კახა დევიძეც მიჰყვა. „საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გვეუბნებოდა, რომ საარჩევნო უბანი უნდა დაიცვან და ამიტომ არიანო. ჟურნალისტი ვარ და თავისთავად იქ მყოფი პირებისგან ვცდილობდი, ინფორმაცია მიმეღო, რა მიზნით და რა მოტივით იყვნენ მოსულები, რამაც გამოიწვია „ქართული ოცნების“ „ზონდერის“ კახა დევიძის გაღიზიანება“. ამდენად, ჟურნალისტ ია გულიაშვილს და ოპერატორ ლევან დვალს არ ჰქონდათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა;
- ქუთაისში #2 საარჩევნო უბანზე, cnews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული
- ოცნების“ აქტივისტების გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიწვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. მას ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა. ჟურნალისტი გამოკითხვაზეა დაბარებული;
- თბილისში #30 საარჩევნო უბანში აგრესიული პირები თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ ჟურნალისტებს. ემუქრებოდნენ „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტს მარიამ გაფრინდაშვილს და პაპუნა ხაჩიძეს და „მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტს ქეთა ციცქიშვილს და ოპერატორ დავით ბადაგაძეს;
- „ტელეკომპანია პირველმა“ გამოაქვეყნა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტ გვანცა ჩხიკვაძეს ქუთაისის 64-ე უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა. სავარაუდოდ ქართული ოცნების აქტივისტმა, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო. მან ჟურნალისტს „ქვეყნის მტრებო“ და „მკვლელები“ უწოდა;
- „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფს ჟურნალისტ სოფო ნიაურს და ოპერატორ დავით ბერაძეს ხელი შეუშალეს ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზეც. ჟურნალისტის თქმით, სპეციალური ბეიჯის ქონის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარე მათ გადაღების უფლებას არ აძლევდა და შენობაში არ უშვებდა;
- კახეთში, სოფელ ქვემო ხოდაშენში საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფს ჟურნალისტს მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორს ნუკრი ქაფიაშვილს თავს დაესხნენ. ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილის თქმით, უცნობმა პირმა ოპერატორს სახეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი აპარატურა დაამტვრია;
- რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. „რეპორტიორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის „რეპორტიორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს. ეს მოჰყვა რადიო თავისუფლების მცდელობას, დაეფიქსირებინა უბნის მიმდებარედ მყოფი არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.”
- ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანზე მობილიზებულმა “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტს თამთა დოლენჯაშვილს, რომელიც კითხვების დასასმელად მათ მიკროავტობუსში ავიდა, ჯერ კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ, შემდეგ ერთ-ერთი კოორდინატორი ციხეში გაშვებით დაემუქრა. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი ეშლებოდა ჟურნალისტ თამთა დოლენჯაშვილს და ოპერატორს ნიკო კოკაიას;
- ქუთაისის #49 საუბნო საარჩევნო კომისიაში “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს ჟურნალისტს – მარი წაქაძეს და ოპერატორ – ბექა ქორჩილავას შეეზღუდა პროფესიული საქმიანობის უფლება. კერძოდ, საარჩევნო უბანზე მყოფ მედიის წარმომადგენელს კომისიის თავმჯდომარე სთხოვდა ოპერატორს უბნის გარეთ დაეტოვებინა კამერა და ისე შემოსულიყო, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ამავე საარჩევნო უბანზე მყოფი პირი პირდაპირ ეთერში მყოფ მარი წაქაძეს ხელს უშლიდა ინფორმაციის გადაცემაში. ადგილზე მოსულმა პოლიციის თანამშრომლებმა მარი წაქაძეს და ბექა ქორჩილავას საარჩევნო უბანი დაატოვებინეს, რადგან კომისიის გადაწყვეტილებით, მედიის წარმომადგენლები საარჩევნო უბნიდან გააძევეს;
- კახეთში, საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე, გადაღებაში ხელს უშლიდნენ “ფორმულას” ჟურნალისტს დავით ჭაბაშვილის და ოპერატორს აგილ უსტამოვს, ამავე კადრებში ჩანს როგორ უშლიდნენ ხელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში „ლაგოდეხის ტელევიზიის“ ჟურნალისტს, ნიკა ბურჭულაძეს;
- არჩევნების დღეს “ფორმულას” ჟურნალისტი დავით მანია და ოპერატორი ირაკლი შენგელია ჩხოროწყუს #4 საარჩევნო უბანს (ზუმი) სავარაუდო დარღვევის გამო ეწვია. ვინაიდან ძირითადი პრეტენზიები ფიქსირდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის მიმართ, კითხვების დასასმელად სწორედ მას მიმართეს. დასმულმა კითხვებმა, არა მხოლოდ ის, არამედ იქ მყოფი კომისიის სხვა წევრებიც გააღიზიანა, რის შემდეგაც სცადეს მათი საარჩევნო უბნიდან გაძევება. რადგანაც დავით მანია და მისი ოპერატორი აგრძელებდა მუშაობას და კითხვების დასმას, კომისიის თავმჯდომარემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა, ამ მომენტში, ის და მისი თანმხლები პირები მაქსიმალურად ცდილობდნენ მედიის წარმომადგენლების გაძევებას. იმავე უბანთან, დავით მანიას და ირაკლი შენგელიას დახვდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელიც აპირებდა უბანზე შესვლას ყოველგვარი ამომცნობი მოწმობის, ბეიჯის გარეშე. თუმცა “ფორმულას” ჟურნალისტების დანახვისას ის შეჩერდა, უყვიროდა ჟურნალისტებს და აგინებდა. აღნიშნული პირი აღმოჩნდა კონსერვატიული მოძრაობის ალტ-ინფოს წევრი ლევან მამფორია;
- “ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს თავს დაესხნენ და კამერა დაუზიანეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, 53-ე უბნის მიმდებარედ მოხდა, სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე მობილიზებას იღებდნენ „ოცნების სამსახურში ჩამდგარი არშემდგარი ძველი ბიჭები ვაზისუბნიდან, რომლებიც სახის გამოჩენასაც ვერ ბედავენ, ჩვენს ოპერატორს ზურგიდან თავს დაესხნენ“, – წერს „TV პირველი“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე;
- გლდანში, 39-ე სკოლასთან, უცნობმა პირებმა, რომლებიც #59 საარჩევნო უბანთან იყრიან თავს, „პუბლიკას“ რეპორტიორებს მინდია გაბაძეს და შაკო ბრეგაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
- “რა გინდა, აქ რა გესაქმება?”, “გადი აქედან”, “წადი, სხვაგან იმუშავე” – ჟურნალისტებს ტინისხიდში პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს. გადამღებ ჯგუფთან აგრესიული დამოკიდებულებით ბესო ბერიანიძე გამოირჩეოდა, რომელიც ტინისხიდის ყოფილი გამგებელია;
- “მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ „მთავარი არხისა“ [თეა ვაშალომიძე და ბაჩანა ოქროპირიძე] და „ფორმულას“ [თამარ თედიაშვილი და ლერი როგავა] გადამღებ ჯგუფებს. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები;
- „ფორმულამ“ გავრცელებულ ვიდეომასალაში, ჩანს, რომ მარნეულში, სადახლოს 69-ე უბანზე ჟურნალისტ თიკო ერაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი სავარაუდოდ კომისიის წევრებმა შეუშალეს.
- გადაღებისას დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ისნის მე-9 საარჩევნო უბანზე. ჟურნალისტ ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს, გიგა აღდგომელაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და რომ არა პოლიციელების მხრიდან დროული რეაგირება, ის გადაიზრდებოდა ფიზიკურ დაპირისპირებაში;
- გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინა მაჩაბელს და ოპერატორს, გიორგი ჩანტლაძეს;
- გლდანის მე-60 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს ხელი შეეშალა „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც, მაკა ანდრონიკაშვილსა და გიორგი შეწირულს. ჟურნალისტის თქმით, მათ უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ, ხელშეშლის პროცესში კი ჩართულნი იყვნენ როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ისე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები;
- „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს ია გულიაშვილსა და ლევან დვალს თავს დაესხნენ. „კახეთში „ოცნების“ ტიტუშკები „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, სუს-ის ე.წ. ქუჩის ბიჭები საარჩევნო უბანთან იყვნენ შეკრებილები“, – წერდა ტელეკომპანია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე;
- მარნეულში, სოფელ სადახლოს საარჩევნო უბანზე, 14:00 საათზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე მანამდე არ შეუშვეს, სანამ საქმეში საოლქო საარჩევნო კომისია არ ჩაერია. ჟურნალისტის თქმით, უბნის თავმჯდომარე მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არ აძლევდა უბანზე შესვლის შესაძლებლობას და ეუბნებოდა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებდა, თუ არაფერს გადაიღებდა. ჟურნალისტმა დახმარებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. საგულისხმოა, რომ სოფელ სადახლოში ხმის მიცემის პროცედურა ძველი სისტემით მიმდინარეობს და უბანზე ჟურნალისტის და კამერის ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო;
- მარნეულის 22-ე ოლქი მე-7 საარჩევნო უბანში შესულ რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა. საარჩევნო უბანზე მყოფმა ქართული ოცნების წარმომადგენელმა რამაზ კარახმაზლიმ უბნის თავმჯდომარეს აქსანა კურბანოვას მოსთხოვა ჟურნალისტებისთვის გადაღების უფლება შეუზღუდა, ამასთან მასმედიის წარმომადგენლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და გარეთ გამოსვლისას ანგარიშსწორებით დაემუქრა. უბნის თავმჯდომარე აქსანა კრბანოვამ თიკო დავაძესთვის ტელეფონის წართმევა სცადა გადაღებაში ხელის შეშლის მიზნით. ჟურნალისტები იძულებული გახდნენ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაერეკათ, თუმცა უბანზე მოსულ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი მედიის წარმომადგენლებს უკრძალავდა ხმის ამოღებას და პროვოკატორებს უწოდებდა მათ;
- მარნეულის 74-ე უბანზე მისულ “რადიო მარნეულის“ ჟურნალისტს თიკო დავაძეს აგრესიულად დახვდნენ საარჩევნო უბანზე მყოფი პირები, განსაკუთრებით აგრესიული იყო ერთ-ერთი დამკვირვებელი. საღამოს, როდესაც უბანი დაიხურა საარჩევნო უბანში გამარჯვების ზეიმი დაიწყეს რასაც თიკო დავაძე იღებდა, სწორედ ამ დროს მას კვალ შეზღუდა გადაღების უფლება აყენებდნენ სიტყვიერ შელაპარაკება და უზღუდავდნენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას;
- მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს გადამღებ ჯგუფს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე;
- თბილისში, “OC მედიას” ჟურნალისტ ჰერმინე ვირაბიანს ხმების დათვლის პროცესის გადაღების უფლება არ მისცეს;
- “OC მედიას” ჟურნალისტი რაფიგ შაბაზოვი არ დაუშვეს უბანზე, შემთხვევა მოხდა სოფელ ნახიდურში, 11-ე უბანზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში;
- “OC მედიას” ჟურნალისტ თეკლა ჩხაიძეს არ მისცეს ნება, რომ ფოტოები და ვიდეო გადაეღო თელავის მერვე უბანზე. თეკლას ჰქონდა ცესკოს ბეიჯი, მაგრამ უბნის წარმომადგენლებმა მას დამატებითი დოკუმენტი მოთხოვეს, და ეუბნებოდნენ, რომ გადაღების უფლება ჰქონდა;
- მცხეთის მეთერთმეტე უბანზე “OC მედიას” ჟურნალისტს, ზეინაბ ისგანდაროვას არ მისცეს ნება 10 წუთზე მეტი გადაეღო უბანზე. მან ცესკოს წევრებს შეახსენა, რომ ამის უფლება ჰქონდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან. რაზეც უპასუხეს, რომ შტატივის გარეშე ამას არ დაუშვებდნენ;
- “OC მედიას” ჟურნალისტს, ქრისტინა კვაჭანტირაძის მშობლებს დაურეკა გიორგი მგელაძემ, რომელიც ჟურნალისტის თქმით, უსაფრთხოების სამსახურიდანაა და მოსთხოვა, რომ ქრისტინას გადაღებულ ვიდეოებში ადამიანების სახეები დაეფარა. ქრისტინას მამა ერთ-ერთ უბანზე უბნის თავმჯდომარე იყო;
- სოფელ იორმუღანლოს 34-ე უბანზე “OC მედიას” ჟურნალისტს აითან ფარადოვას ტელეფონიდან ფოტო წააშლევინეს, წაართვეს და დამტვრევით დაემუქრნენ. ჟურნალისტმა ტელეფონი დაიბრუნა მას შემდეგ, რაც ფოტო წაშალა. ფოტომასალა ამომრჩევლების მობილიზებას ასახავდა.
არჩევნების დღეს გამოვლენილი ფაქტებიდან ასევე მნიშვნელოვანია:
– ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის, სავარაუდოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს და ლადო ქუთათელაძეს, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა, რომელთა შორის იყო ილია მამუჩარაშვილი, მას ტელეფონი წაართვეს, გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით, ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს;
– საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ჟურნალისტი სტეფან გოსი. დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ გაავრცელა, უარის საფუძვლად მითითებულია: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ანალოგიური საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს ჩეხ/ბრიტანელ ჟურნალისტს რეი ბეისლის, რომელსაც არჩევნები უკრაინული გამოცემის, Kiyv Independent-ის, აუდიტორიისთვის უნდა გაეშუქებინა.
საჭირო სამართლებრივი პროცედურების შესახებ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული. ხოლო, ამავე კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.
სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები და მოახდინოს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების განმახორციელებელი პირების იდენტიფიცირება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.
საქართველოს კანონმდებლობით, ეფექტიანი გამოძიების სტანდარტი შემდეგი ხუთი კრიტერიუმისგან შედგება:
- გამოძიების დამოუკიდებლობა
- გამოძიების ადეკვატურობა
- გამოძიების სწრაფი წარმოება
- გამოძიების საჯაროობა
- გამოძიებაში დაზარალებულის ჩართულობა.
შესაბამისად. ამასთან, მნიშვნელოვანია შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტზე დროული რეაგირება და ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვება, იმისთვის რომ არ მოხდეს მტკიცებულების განადგურება და უკანონოდ ხელყოფა.
არჩევნების დღეს მედიის სამუშაო პიროებების შეფასება:
საქართველოში არჩევნები დაძაბულ და საშიშ გარემოში ჩატარდა. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა პირადი უსაფრთხოების ფასად მოახერხეს დაეფიქსირებინათ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დარღვევები, როგორიცაა: საარჩევნო უბნებს გარეთ ამომრჩეველზე დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები, ხმის ფარულობის დარღვევა, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა სისტემატური, რეგულარული ზეწოლა, დაშინება და სხვა.
არჩევნების დღეს მინიმუმ 50 ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა და ხელშეშლა ქმნის გარემოს, სადაც მოქალაქეები ვერ იღებენ საჭირო ინფორმაციას და მოაკლდებიან შესაძლებლობას სრულად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.
ეს რეალობა ხელს უწყობს საზოგადოებაში თვითცენზურის გაძლიერებას და ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და მედიამენეჯერებზე მორალურ და პროფესიულ ზეწოლას, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული პროცესების კეთილსინდისიერებას.
თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, “მედიაომბუდსმენი” კიდევ ერთხელ მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
კენჭისყრის დღეს მედიის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაულის გამოძიება ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც განსაზღვრავს საარჩევნო პროცესების სანდოობას,” – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.