ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა 2014 წლის რეგლამენტში ცვლილებები, რომლითაც როგორც საკრებულოს, ისე მერის უფლებამოსილებები და პროცესების მართვის წესები იცვლება.
გადაწყვეტილებით, მერს მიენიჭა ახალი ბერკეტები სხდომების დღის წესრიგზე გავლენის მოსახდენად, ბიუჯეტის დროულად მიუღებლობის შემთხვევაში კი მკაცრდება სანქციები – პროცესის გაჭიანურება შესაძლოა საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით დასრულდეს.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სპეციალური ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნას და მოქალაქეთა ჩართულობისთვის „საზოგადოებრივი დარბაზების“ დაბრუნებას. „ქართული ოცნების“ საკრებულოს განმარტებით, ეს ცვლილებები არ გამოიწვევს ბიუჯეტზე დამატებით ხარჯებს და რეგლამენტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურება.
რა იცვლება და რა იყო აქამდე:
- საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი – ცვლილებამდე რეგლამენტში პირდაპირ არ ეწერა, რომ დღის წესრიგის პროექტს თავად საკრებულო ამტკიცებს; ახლა ეს უფლებამოსილება მკაფიოდ ჩაიწერა;
- ქალთა და ბავშვთა საკითხებზე საბჭო – აქამდე არსებობდა მხოლოდ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, ახლა ის გაფართოვდება და იმუშავებს როგორც ქალთა, ისე ბავშვთა თემებზე;
- მერის უფლება დღის წესრიგზე – ადრე მერს არ ჰქონდა პირდაპირი მექანიზმი სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანის ან ამოღების მოთხოვნის; ახლა ეს უფლება მიენიჭა და საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკითხი კენჭისყრაზე დააყენოს;
- ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში – აქამდე პროცედურა დეტალურად გაწერილი არ იყო; ახლა მერს შეუძლია დროებით ხარჯოს გასული წლის ასიგნებები, ხოლო თუ სამი თვის განმავლობაში ბიუჯეტი არ დამტკიცდა, მთავრობას შეუძლია საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს;
- ქალაქის სიმბოლიკა – ადრე სიმბოლიკის დამტკიცების პროცესი უფრო მოქნილი იყო, ახლა ის სავალდებულოდ მოითხოვს ჰერალდიკის დეპარტამენტის თანხმობას;
- საზოგადოებრივი დარბაზები – მექანიზმი წინა რედაქციაში არ ფუნქციონირებდა; ახლა ის სრულად ბრუნდება და მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი პრობლემების განხილვასა და გადაწყვეტილებების შეთავაზებაში;



