აჭარაში ახალი სამინისტრო 2025 წლის მარტში შეიქმნა და მის ხელმძღვანელად მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, კულტურის მინისტრი პირადად წარადგინა და თქვა, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კულტურის ცალკე სამინისტროდ გამოყოფა, ამ სფეროს კიდევ უფრო „ეფექტიანად გააძლიერებდა“.
კულტურის სამინისტროს დაფინანსება, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, 44 482 700 ლარით დაიგეგმა. აქედან 21 634 600 ლარი 1 893 მომუშავის (მხოლოდ შტატში დასაქმებულები) შრომის ანაზღაურებაზე გაიწერა.
„აჭარა თაიმსმა“ გადაწყვიტა, სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა წყაროების შესწავლით, გაგაცნოთ, რომელი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა აჭარაში და რაზე წარიმართა უწყების ბიუჯეტი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ელექტრონული ტენდერის გზით, სამინისტრომ ოქტომბერში უკვე შეიძინა მეორე კლასის ერთი მსუბუქი ავტომობილი, რომელიც „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 47 800 ლარად მიაწოდა. კიდევ სამი მსუბუქი, II კლასის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება 2025 წლის დეკემბერში იყიდა და 189 000 ლარი გადაიხადა. ამდენად, აჭარის მთავრობის ახალ უწყებას, რომელიც გასული წლის მარტში შეიქმნა, დეკემბერში უკვე ჰქონდა ოთხი ახალი ავტომობილი რომელთა ჯამური ღირებულება 236,800 ლარს შეადგენს.
გარდა აღნიშნულისა, 2025 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით, აჭარის კულტურის სამინისტრომ, 2025 წლის სახსრებით, რამდენიმე კულტურული ღონისძიების ორგანიზების მომსახურება შეისყიდა.
აჭარის ა/რ კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვები (ცხრილში შეტანილი არაა ისეთი ტენდერები, რომელთა შესყიდვის ობიექტია საკანცელარიო ნივთები და სხვა ადმინისტრაციული ან საოფისე დანიშნულების საქონელი და მომსახურება)
| შესყიდვის ობიექტი | ღირებულება | შენიშვნა |
| ვალენსიის თეატრის ხელოვანთა კონკურსში – „Young Artist Programme“ – მონაწილეთა საჰაერო ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების (საუზმით) მომსახურების შესყიდვა | 5 800 ლარი | გადახდილია |
| სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ორგანიზება | 42 222 ლარი | გადახდილია |
| ფოლკლორული ანსამბლებისთვის სასცენო სამოსისა და აქსესუარების შესყიდვა | 40 850 ლარი | 20 400 ლარი, ავანსის სახით |
| ფოლკლორული ანსამბლებისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების შესყიდვა | 25 000 ლარი | გადახდილია |
| ფოტოაპარატის შესყიდვა აქსესუარებთან ერთად | 14 799 ლარი | გადახდილია |
| ფრიდონ ხალვაშის წიგნის „ომრი“ სასტამბო წესით ბეჭდვა/მოწოდების შესყიდვა | 4 900 ლარი | გადახდილია |
| 3 ერთეული ავტომანქანის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება | 25 000 ლარი | გადახდილია 20 518 ლარი |
| ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ლაშქარი“ რუმინეთის რესპუბლიკის ქალაქ კონსტანტაში ფესტივალზე ,,Tade Union” (გასტროლი) საავტომობილო ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა | 14 800 ლარი | გადახდილია |
| ქედის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ბეთლემი“ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ გაზიფაშა/ანტალიაში საავტომობილო სატრანსპორტო მომსახურეობის შესყიდვა | 13 390 ლარი | გადახდილია |
| ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლის – „მართვე“ – კონცერტის ორგანიზება | 44 000 ლარი | გადახდილია |
| ღონისძიების – ,,ამბები ბათუმზე’’ – ფარგლებში სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვა, თბილისი -ბათუმი – თბილისის მიმართულებით | 2 199 ლარი | გადახდილია |
| პროექტი „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“ – მონაწილეთა სასტუმროში განთავსების, კვების უზრუნველყოფით, მომსახურება | 21 600 ლარი | გადახდილია |
| „ლაზური სიმღერის კონცერტის“ ორგანიზება, თბილისი-ბათუმი-ხულო – თბილისის მიმართულებით ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება | 25 920 ლარი | გადახდილია |
| „მუსიკალური ბათუმი 2025-ის“ ფარგლებში, ქალაქური სიმღერების საღამოს ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა | 27 700 ლარი | გადახდილია |
| „კულტურის ბანაკი“ – მონაწილეთა 21 პირის სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფა, საუზმით, ყავის შესვენებით და ვახშმით | 12 425 ლარი | გადახდილია |
| „მომავლის ბანაკი“ ფარგლებში, ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა | 14 475 ლარი | გადახდილია |
| მხატვართა საერთაშორისო პროექტში ხელოვნების კოლონია სახელწოდებით – ,,ARTDULCINIUM’’- მონაწილეობის მისაღებად საჰაერო ტრანსპორტირების შესყიდვა |
5 800 ლარი | გადახდილია |
| პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრის გასტროლი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში – ორგანიზების მომსახურეობის შესყიდვა |
13 333 ლარი | გადახდილია |
| სასცენო სამოსის სახელმწიფო შესყიდვა | 96 000 ლარი | გადახდილია 48 000 ლარი, ავანსის სახით |
| პროექტის – ,,ჩემი ოცნების ბათუმო’’ – მონაწილეთა ტრანსპორტირების და სასტუმროში განთავსების მომსახურების შესყიდვა, თბილისი-ბათუმი-თბილისი | 5 939 ლარი | გადახდილია |
| შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენდ “OFF SIDE“-ის მონაწილეობისთვის ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში, იაპონურ-ქართული კულტურის საღამოზე, ავიაბილეთების შესყიდვა | 18 894 ლარი | ხელშეკრულება გაფორმებულია, გადახდა არ ფიქსირდება |
| ღონისძიების – „კონსტანტინე პევზნერის და შოთა მილორავას საღამო, გახსენება” ორგანიზება, ტრანსპორტირება თბილისი-ბათუმი-თბილისი | 6 000 ლარი | ხელშეკრულება გაფორმებულია, გადახდა არ ფიქსირდება |
| ბათუმის საზაფხულო თეატრში საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზების უზრუნველსაყოფად კონცერტის მონაწილეთა საჰაერო ტრანსპორტირების, ტრანსფერის, სახმელეთო ტრანსპორტირების, კონცერტის წამყვანებისა და ფონური ქორეოგრაფიული მომსახურების შესყიდვა | 9 378 ლარი | ხელშეკრულება გაფორმებულია, გადახდა არ ფიქსირდება |
მოცემული ჩამონათვალი მოიცავს ელექტრონული ტენდერის გზით შეძენილ საქონელსა და მომსახურებას, უკვე გაფორმებული ხელშეკრულებებით, რომელთა ღირებულება, ჯამში, 490 424 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ნოემბერში, საოფისე ავეჯის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი, რომლის მონაწილე შპს „შპონიმაქსმა“ სამინისტროს ავეჯის მიწოდება 55 885 ლარად შესთავაზა. ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არაა. ასევე, დაგეგმილია გურამ ბზვანელის საღამო, რომელშიც, როგორც ჩანს, თბილისელი სტუმრები მონაწილეობენ, რადგან ტენდერი გამოცხადებულია მონაწილეთა შიდა და საქალაქთაშორისო (თბილისი-ბათუმი-თბილისი) ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების მიზნით.
პრეტენდენტმა სამინისტროს მომსახურების გაწევა 9 500 ლარად შესთავაზა, თუმცა, ამ მდგომარეობით, მხარეებს ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. ნოემბერში გამოცხადებულ ტენდერებს შორისაა ანსამბლ ,,ოჰოინანას“ ტრანსპორტირება სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანში, საერთაშორისო ფესტივალ ,,ერევანი 2025-ში“ მონაწილეობისთვის. ტრანსპორტირების, კვებისა და სასტუმროს მომსახურების ხარჯი 19 500 ლარს შეადგენს.
საინტერესოა, რომ ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვებში, უპირატესად, მარშრუტი არის თბილისი-ბათუმი-თბილისი, რაც ნიშნავს, რომ სამინისტრო თანხებს გამოყოფდა ღონისძიებებზე მოწვეული სტუმრების თბილისიდან ჩამოყვანისა და თბილისში დაბრუნებისთვის. რამდენიმე შემთხვევაში, დამატებულია ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური. ამავდროულად, თუ უწყების FB-გვერდს გადახედავთ, მარტივად შეამჩნევთ, რომ კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებზე, ძირითადად, წარმოდგენილი არიან აჭარისა და ბათუმის აღმასრულებელი თუ წარმომადგენლობითი ორგანოების თანამდებობის პირები.
ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე შემსრულებლებად, ძირითადად, „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილ პირებს იწვევენ. მაგალითად, შემოქმედებით საღამოში ,,ამბები ბათუმზე“, რომელიც ზურაბ გორგილაძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, მონაწილეობდნენ ლიზა ბაგრატიონი, ნანული აბესაძე, მურმან ჯინორია, ბექნუ ქაფიანიძე და ნინო გულიაშვილი. საღამო ნიკოლოზ წულუკიძეს მიჰყავდა. გამარტივებული წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებში კი გვხვდებიან ისეთი შემსრულებლები და ჯგუფები, რომლებიც ხშირად მონაწილეობენ სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში. არაერთი ხელშეკრულება, ექსკლუზიურად, გაფორმებულია „ღამის შოუს“ ბენდთან, ასევე, „ურსასთან“.
აჭარის ა/რ კულტურის სამინისტროს გამარტივებელი შესყიდვები (კულტურული ღონისძიებების ორგანიზები ფარგლებში)
| შესყიდვის ობიექტი | ღირებულება | ნომერი |
| სასტუმროს მომსახურება, 31 ოქტომბერი – 2 ნოემბერი, გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ფესტივალის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი | 1 740 ლარი | CMR250139814 |
| შუახევობა 2025, 28 ოქტომბერს, ღონისძიების ორგანიზება, რეჟისორი, წამყვანი, სცენარის ავტორი და სხვა | 44 600 ლარი | CMR250139127 |
| ჯგუფ „ღამის შოუს ბენდის“ მომსახურება, 90-წუთიანი პროგრამა, 15 სიმღერა, მათ შორის 8 საავტორო. | 30 612 ლარი | CMR250139063 |
| „ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025“ – ქართველი საოპერო კომპოზიტორების გალა კონცერტის ორგანიზების მიზნით, სასტუმროს მომსახურების შესყიდვა | 4 015 ლარი | CMR250131368 |
| 24 დან 26 სექტემბრის ჩათვლით, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლისადმი მიძღვნილი ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტის ორგანიზება | 43 920 ლარი | CMR250122257 |
| ფოკლორული ანსამბლების, „შუახევისა“ და „ზე-კართან’’, ტრანსპორტირება თურქეთის რესპუბლიკაში, ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობისთვის | 14 000 ლარი | CMR250109090 |
| სასტუმროში განთავსების მომსახურება (საერთაშორისო ექსპერტის ხასან ჰალილის სასტუმროში განთავსება 11-14 აგვისტო) | 971 ლარი | CMR250109074 |
| კულტურის საკითხებში ექსპერტის, ხასან ჰალილის 13 აგვისტოს შეხვედრა ახალგაზრდებთან კაფე „რვაფეხაში“, იმავე დღეს გაიმართა დასკვნითი შეხვედრა-ლანჩი „რედისონ ბლუ ბათუმის“ რესტორანში | 720 ლარი
863 ლარი |
CMR250108265 |
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო 2026 წელს გეგმავს სახელოვნებო საპილოტე კოლეჯის შექმნას. აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარების, კოლეჯის ფუნქციონირების სპეციფიკისა და მიღწეული შედეგების გაცნობისთვის, საერთაშორისო ექსპერტ ხასან ჰალილის ვიზიტი, ლანჩი სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ და ვახშამი სასტუმრო „ლე მერიდიენის“ რესტორანში | 365 ლარი
691 ლარი |
CMR250108267 |
| სახელოვნებო საპილოტე კოლეჯის შექმნასთან დაკავშირებით, გამოცდილების გაზიარების, კოლეჯის ფუნქციონირების სპეციფიკისა და მიღწეული შედეგების გაცნობისთვის, საერთაშორისო ექსპერტ ხასან ჰალილის ვიზიტი – მგზავრობა და სასტუმროში განთავსება | 3 015 ლარი | CMR250109074 |
| 9 აგვისტოს, „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“, შემაჯამებელი გამოფენა, სამუშაო შეხვედრა-ვახშამი სასტუმრო „რედისონის“ რესტორანში. ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობისა და საბჭოს წევრები, აჭარის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები – სულ 27 სტუმარი. | 3 693 ლარი | CMR250106855 |
| სახალხო დღესასწაულ „ხელვაჩაურის დღეებში“ მუსიკალურ ჯგუფ „ურსას“ მონაწილეობის შესყიდვა. | 34 000 ლარი | CMR250104776 |
| სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“, 10 აგვისტოს ღორჯომის ხეობაში, ზორტიყელში ჯგუფ ,,ღამის შოუს ბენდის“ მომსახურების შესყიდვა | 30 729 ლარი | CMR250102292 |
| სახალხო დღესასწაული „შუამთობა“, 2025 წლის 2 აგვისტოს ბეშუმში მუსიკალური ჯგუფის „კახაბერი და ხანუმების“ მომსახურება | 29 500 ლარი | CMR250102101 |
| სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“, 1-10 აგვისტო, აჭარის მაღალმთიანეთში, ბეშუმში, ჩირუხში და ზორტიყელში, მუსიკალური ჯგუფების: „გორდელას“, „კახაბერი და ხანუმების“, „ურსასა“ და „ღამის შოუს ბენდის“ სასტუმრო და სატრანსპორტო მომსახურება | 17 950 ლარი | CMR250102099 |
| სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“, 2 აგვისტოს ბეშუმში და 4 აგვისტოს ჩირუხში ჯგუფ „ურსას“ მომსახურება | 60 000 ლარი | CMR250102098 |
| სახალხო დღესასწაულის „შუამთობა“, 4 აგვისტოს ჩირუხში ჯგუფ „გორდელას“ მომსახურება | 16 000 ლარი | CMR250102096 |
| ხულოს ეთნო-ფოლკლორულ ანსამბლ ,,ხელგაშლილასთვის“ ავიაბილეთები და სამოგზაურო დაზღვევა, პორტუგალიაში საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მხარდაჭერის მიზნით | 42 960 ლარი | CMR250099045 |
| სამუშაო შეხვედრა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან, ვახშამი 64 პერსონაზე | 9 623 ლარი | CMR250080375 |
| იაპონიის ელჩი, იაპონელი პიანისტი და თარჯიმანი, ლანჩი | 414 ლარი | CMR250085935 |
| ვახშამი იაპონიის ელჩისა და დელეგაციისთვის | 1 124 ლარი | CMR250079475 |
| აჭარაში ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულების გამასპინძლება | 1 322 ლარი | CMR250080118 |
| ჩინეთის დელეგაციის გამასპინძლება | 1 328 ლარი | CMR250070581 |
„შუამთობასთან“ დაკავშირებული და სხვა რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში, თითქმის 219 000 ლარი გადახდილია „ღამის შოუს ბენდის“, „ურსას“, „კახაბერისა და ხანუმების“, „გორდელას“ მომსახურებისთვის. აქედან, „ღამის შოუს ბენდს“ 61 341 ლარი ერგო, „ურსას“ – 94 000 ლარი, კახაბერ ცისკარიშვილს 29 500 ლარი გადაუხადეს, ხოლო „გორდელას“ – 16 000 ლარი. დანარჩენი თანხა გადახდილია მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმრო მომსახურებისთვის.
მნიშვნელოვანი ხარჯია გაწეული საპილოტე კოლეჯის შექმნასთან დაკავშირებით, კონსულტაციის მიღების მიზნით. აღნიშნული კოლეჯის გახსნა მომავალ წელს იგეგმება. როგორც ჩანს, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი კონსულტანტი ღასან ხალილია (გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში). უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის მზადაა, ჩაერთოს საპილოტე სკოლის კონცეფციისა და სტრუქტურის შემუშავებაში და სამინისტროს კონსულტაციები გაუწიოს. აგვისტოში ექსპერტის რამდენიმედღიანი ვიზიტი აჭარაში ბიუჯეტს 6 625 ლარი დაუჯდა.
საინტერესოა ასევე 2025 წლის 2 ივნისს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ამავე კომიტეტის წევრებთან და აპარატის წარმომადგენლებთან აჭარაში გამართული შეხვედრა. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართა კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ, კულტურის სამინისტრო სტუმრებს ვახშმით გაუმასპინძლდა. ირკვევა, რომ რესტორანში ერთი სტუმრის გამასპინძლებაში 150 ლარზე მეტია გადახდილი.
სხვათა შორის, ელისო ბოლქვაძეს დაქვემდებარებულმა უწყებამ 2 200-ლარი ყავის აპარატიც შეიძინა (CMR250075609), 3 000 ლარის ღირებულების – ჩაი, ყავა, თხილი შოკოლადის მინანქარით, ჩირი, ფინიკი, მინერალური წყალი და ნიგოზი (CMR250084326), ხოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, 4 940 ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა (CMR250075079 ) ტელეიმედისგან, რომელსაც 3 525 ლარი უკვე აუნაზღაურა. მიმწოდებელმა საკუთარ ვებგვერდზე წელს არა უმეტეს 38 რელიზი უნდა განათავსოს.
4 თვის განმავლობაში ბოლქვაძე სულ მცირე 3-ჯერ იყო შვებულებაში



