მიუხედავად აჭარისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრების მოთხოვნისა, ჯუმბერ ბოლქვაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.
„მე მუშაობას ვაგრძელებ იმავე რეჟიმში, როგორც მანამდე. მე გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, არ ვტოვებ თანამდებობას. მინისტრმა თქვა, მოკვლევა მიმდინარეობსო, ჩემთან ჯერ არავინ მოსულა“, – განუცხადა ჯუმბერ ბოლქვაძემ „აჭარა თაიმსს“.
შეგახსენებთ, საქმე ეხება შემთხვევას, როდესაც ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ 85 წლის პაციენტის მიღებაზე უარი თქვა. საკითხი უკავშირდება ელექტრონულ პორტალს, რომლის საშუალებითაც კლინიკები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს პაციენტების მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
ჯუმბერ ბოლქვაძის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში პორტალი ჩაკეტილი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ კლინიკას დამატებითი პაციენტის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა. შესაბამისად, პაციენტის მიღებაზე უარი ითქვა.
112-ის ჩანაწერში ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე პაციენტის მიღებაზე უარს ამბობს, ხოლო ოპერატორის კითხვას, მაშინ სად უნდა გადაიყვანონ პაციენტი, პასუხობს: „წაიყვანეთ მინისტრთან“.
ექიმების ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ჯუმბერ ბოლქვაძეს თანამდებობის დატოვება პირადად მოსთხოვა. მათი თქმით, მინისტრმა ეს მოთხოვნა შეხვედრაზე გააჟღერა, სადაც 112-ის ჩანაწერიც წარადგინა.
ბოლქვაძეს თანამშრომლებმა და კოლეგებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი კლინიკის ეზოში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ, რასაც არ შეეგუებიან. აქციის შემდეგ მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა, რომ პაციენტის მიღებაზე უარის თქმის მიზეზი კლინიკაში ადგილების არარსებობა არ ყოფილა.
მინისტრის ინფორმაციით, შემთხვევა ივნისის დასაწყისში მოხდა. 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გამო დამატებითი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური პაციენტის გადაყვანის მიზნით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაუკავშირდა, თუმცა, სარჯველაძის მტკიცებით, კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე უარი თქვა.
მინისტრის მტკიცებით, იმ დროისთვის კლინიკაში საკმარისი ადგილები იყო როგორც გადაუდებელი მედიცინის, ისე რეანიმაციის განყოფილებაში.

