ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის №55-ში მდებარე შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს.
შენობაში სახელმწიფო ანსამბლი და სხვადასხვა შემოქმედებითი წრეა განთავსებული, სადაც ბავშვები და მოზარდები ცეკვასა და სხვა აქტივობებში მონაწილეობენ. პარტიის წევრების ინფორმაციით, შენობის კედლებზე ბზარებია და აუცილებელია მისი ტექნიკური მდგომარეობისა და მდგრადობის შესწავლა.
„მოზარდები ცეკვავენ და ვარჯიშობენ გარემოში, სადაც შენობის კედლები დაბზარულია და ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხოების სერიოზულ კითხვებს აჩენს“, – განაცხადეს პარტიის წევრებმა.
მათივე თქმით, საკითხი მხოლოდ დაზიანებულ კედლებს არ ეხება და მნიშვნელოვანია იმ უწყებების პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებსაც მსგავსი სივრცეების უსაფრთხო მდგომარეობაში შენარჩუნება ევალებათ.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია შენობის მდგომარეობის შესაბამისი სპეციალისტების მიერ შესწავლა და შესაძლო რისკების შეფასება.

