2025 წლის 12 დეკემბერს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ და შპს „დიასმა“ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია შემსყიდველს ახალი (გაუყინავი, შინაური) ფრინველის/ქათმის ხორცით ამარაგებს.
პროდუქტი, რომელიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს ახალი, გაუყინავი, თავ-ფეხისა და შინაგანი ორგანოების (ჩიჩახვი და ა.შ) გარეშე, გასუფთავებული, გაციებული; ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი, კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი; ფრინველის (ქათმის) საშუალო წონა უნდა შეადგენდეს 1,5 – 2 კილოგრამს. ხელშეკრულების მიხედვით, „დიას“ ორმოც საბავშვო ბაღს ამარაგებს, ხოლო ახალი საბავშვო ბაღების ამოქმედების შემთხვევაში, ვალდებულია, იქაც შეიტანოს.
„დიასმა“ საბავშვო ბაღების გაერთიანებას უნდა მიაწოდოს ჯამში 29 040 კგ ქათმის ხორცი, 1 კგ-ის ფასი 8.3 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება კი 241 032 ლარია. საქონლის მიწოდების ვადა განსაზღვრულია 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მხარეებს შორის უკვე გაფორმდა შვიდი მიღება-ჩაბარების აქტი და შემსყიდველმა მიმწოდებელს 118 778 ლარი ანუ მთლიანი ღირებულების 49% აუნაზღაურა (2026 წლის 11 5 ოქტომბრის მდგომარეობით).
მიღება-ჩაბარების ბოლო აქტი გაფორმებულია 2026 წლის 29 ივლისს. ერთი თვით ადრე კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თავის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანის გადაწყვეტილებაზე.
როგორც განკარგულებაში წერია, შპს „დიასმა“, რომელიც ასევე მიმწოდებელი მხარე იყო ააიპ „ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს“ ერთ-ერთ ტენდერში, ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა და შემსყიდველმა მასთან დადებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის აპრილში გაწყვიტა.
დოკუმენტში აღნიშნულია: „შერჩევითი გადამოწმების შედეგად პასკების წონა იყო 440-დან 470 გრამამდე, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული არანაკლებ 500 გრამისა. ამასთან, პასკის ვარგისიანობის ვადად ეტიკეტზე მითითებული იყო „20.04.2026 წ“, მაშინ როდესაც მიღებული პასკის ვარგისიანობის ვადა უნდა ყოფილიყო მიღებიდან არანაკლებ ერთი თვე. ამასთან, 2026 წლის 8 აპრილს მიღებული კვერცხის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეტიკეტზე მითითებული მონაცემების მიხედვით კვერცხის მწარმოებელი ქვეყანა იყო საქართველო, ხოლო მწარმოებელი – შპს „კუმისი XXI“. თუმცა, რიგ შემთხვევებში ეტიკეტი არ იკითხებოდა, ან საერთოდ არ იყო დატანილი. ასევე, კვერცხის წონა არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან 6 ცალი კვერცხის საერთო წონა 300 გრამზე ნაკლები იყო. აღნიშნული გარემოებები ხელშეკრულების პირობების დარღვევად შეფასდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დარჩენილი პროდუქციის დაუყოვნებლივ დალუქვის შესახებ.“
საუბარია ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს სასადილოებისა და თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებული სასაჩუქრე პაკეტის შესყიდვაზე.
ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებაში კი განმარტებულია, რომ შპს „დიასმა“ დაარღვია ხელშეკრულების არსებითი პირობები და შემსყიდველს მიაწოდა პროდუქცია, რომელიც ხელშეკრულებაში მითითებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. სოციალური სერვისების სააგენტო ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისად, მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში. მიმწოდებელს უფლება მიეცა, დალუქული პროდუქცია სასადილოებიდან გაეტანა. მიმდინარე წლის მაისში მან შემსყიდველს, ჯარიმის სახით, 4 700 ლარამდე გადაუხადა.
„დიასის“ დაზიანებული რეპუტაციის მიუხედავად, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა არ შეუწყვეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ 40 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ქათმის ხორცით ამარაგებს „შავ სიაში“ შეყვანილი კომპანია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ საკვები პროდუქტის ტექნიკური პარამეტრები თვითნებურად შეცვალა.

