თხილის ბაღების მასობრივად ხმობა და ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების დაუდგენლობა, ეს ის საკითხებია, რომლებზეც ფერმერები ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ. მათ დღემდე არ აქვთ ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ხმება მასობრივად თხილის ბაღები აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერი გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ მის ოჯახს წლებია თხილის პლანტაციები აქვს გაშენებული და მათ სათანადოდ უვლიან, თუმცა წელს ხეების ასეთი მასშტაბით ხმობის შემთხვევა არ ახსოვს.
„ხეებმა ხმობა ისე სწრაფად დაიწყეს, რომ მცენარეებმა ნაყოფის სრულად განვითარებაც კი ვერ მოასწრეს. გარდა ამისა, პესტიციდები, რომლებითაც ბაღებს წამლავენ, უხარისხოა. ნაყოფსა და მცენარეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მავნებელი მწერი, აზიური ფაროსანაც“, – ამბობს გიორგი ქათამაძე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში მცხოვრები ფერმერებიც ამბობენ, რომ თხილის ხეები მასობრივად ხმება, მოსავლიანობა შემცირდა და ნაყოფის ხარისხიც გაუარესდა. მათი თქმით, ამან თხილის ჩაბარების ფასზეც იმოქმედა.
„მასობრივად ხმება თხილის ხეები, შესაბამისად, ნაყოფიც ბევრი არ მოსულა. ამან, თავისთავად, თხილის ჩაბარების ფასზეც იმოქმედა. ბევრმა მოსავალიც კი არ მოკრიფა და ნაყოფი ხეზე დატოვა, რადგან უხარისხო იყო და მისი კრეფა არ ღირდა. დღიური მუშახელის დაქირავებაც გაძვირდა, ერთი დღის საფასური 70-100 ლარია“, – ამბობენ სოფელ წყავროკაში მცხოვრები ფერმერები.
ბაზარზე თხილის მიმღებ და ჩამბარებელ პუნქტებში ამბობენ, რომ ნაყოფის ფასი შემცირებულია. მათი ინფორმაციით, ერთი კილოგრამი თხილის ფასი საშუალოდ 2-3 ლარია, მაღალი ხარისხის ნაყოფის შემთხვევაში კი შესაძლოა 5-6 ლარსაც მიაღწიოს. თუმცა, ჩამბარებელი პუნქტების წარმომადგენლების თქმით, წელს მაღალი ხარისხის თხილი პრაქტიკულად არ მიუღიათ. მათი განმარტებით, თხილის გული დამპალი და უვარგისია, რაც პროდუქციის რეალიზაციას ართულებს.
„არავინ იცის, რა ხდება. რაც შეეხება ქობულეთის სოფლებს, ფაქტობრივად, ყველგან გახმა ბაღები და ბევრმა თხილის ხეების მოჭრაც დაიწყო, მათ ადგილას სხვა კულტურები მოჰყავთ“, – ამბობენ თხილის მიმღებ პუნქტებში.
საქართველოში თხილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და საექსპორტო კულტურაა. ქვეყანაში თხილის სხვადასხვა სახეობა გვხვდება. სამეცნიერო წყაროების მიხედვით, საქართველოში ბუნებრივად გავრცელებული თხილის ექვსი სახეობაა აღწერილი. ქართულ ენდემურ სახეობებს მიეკუთვნება იმერული, კახური და კოლხური თხილი.
ადგილობრივი ჯიშების ჩამონათვალში ასევე გვხვდება ანაკლიური, გულშიშველა, ხაჭაპურა, შველიყურა, ნემსა, დედოფლის თითა, აველანა, პონტოური და სხვა ჯიშები.
რატომ ხმება თხილის ბაღები და რა ბედი ელოდება ქართულ ადგილობრივ თუ შემოტანილ ჯიშებს? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად პრობლემის გამომწვევი მიზეზების ზუსტი დადგენაა საჭირო.
თხილის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი თოდუა ამბობს, რომ დარგში არსებული ვითარება მძიმეა. მისი თქმით, ის შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ასოციაციას, თავადაც ფერმერია და თხილის სექტორში არსებულ პრობლემებს ყოველდღიურად ეცნობა.
„შვიდი წელი ვხელმძღვანელობდი თხილის ასოციაციას. თავადაც ფერმერი ვარ, თხილის ბაღი მაქვს და ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა ხდება ამ სექტორში. ფერმერებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. თხილის ბაღები ფაქტობრივად ყველგან ხმება, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და სხვა რეგიონებში“, – ამბობს გიორგი თოდუა.
მისი შეფასებით, თხილის ინდუსტრიას დღეს ისე სჭირდება დახმარება, როგორც არასდროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დარგისთვის ზიანის თავიდან აცილება მომავალში გაცილებით რთული გახდეს.
გიორგი თოდუა მიიჩნევს, რომ თხილის ბაღების ხმობის მასშტაბური პრობლემა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ ფერმერებისთვის შეწამვლის ღონისძიებების დასაფინანსებლად გათვალისწინებული 500-ლარიანი სუბსიდიის გაუქმებამ ფერმერების მდგომარეობა გაართულა.
„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა შესამჩნევი თხილის ბაღების ხმობის პრობლემა. მაგალითად, გასულ წელს, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, სახელმწიფოს მიერ შეწამვლის ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული 500-ლარიანი სუბსიდია გააუქმეს და ფერმერები ბედის ანაბარა დატოვეს. შედეგად, ფერმერების უმრავლესობამ სრულფასოვანი წამლობების ჩატარება ვეღარ შეძლო, დღეს კი უმძიმესი შედეგები გვაქვს – ბაღები მასობრივად ხმება. წელს ფერმერების უმეტესობამ მოსავალიც ვერ აიღო. იყო დაბალი ფასი, უხარისხო ნაყოფი, ამას დაემატა აზიური ფაროსანაც და სხვადასხვა დაავადება, რომელთა ზუსტი გამომწვევი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ადგილობრივი სპეციალისტების აზრით, მცენარეებს დაავადება აზიანებს, თუმცა ზუსტად არ არის გარკვეული, რა იწვევს თხილის პლანტაციების ხმობას. რა არის ამის რეალური მიზეზი?“ – კითხულობს გიორგი თოდუა.
სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ფერმერებისთვის შეწამვლის ღონისძიებების დასაფინანსებლად განკუთვნილი დახმარება არ უნდა გააუქმოს. გიორგი თოდუას აზრით, აუცილებელია თხილის ბაღების დაზღვევის მექანიზმის შემოღებაც.
„შეწამვლისთვის განკუთვნილი დახმარება უნდა გაორმაგდეს. საუბარია მხოლოდ 20-30 მილიონ ლარზე, რომელიც ბიუჯეტის ფორმირებისას უნდა გაითვალისწინონ და ფერმერებს დაეხმარონ. თხილი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია და ბევრი ფერმერის შემოსავლის ძირითადი წყარო. როდესაც თხილის ბაღები ასეთი მასშტაბით ხმება, ეს ფერმერების შიმშილის პირისპირ მარტო დატოვებას ნიშნავს. ამაზე ვსაუბრობთ მუდმივად. იქნება ეს ბაქტერიული თუ არაბაქტერიული დაავადება, ფერმერმა უნდა იცოდეს, რა აზიანებს მის ბაღს. აუცილებელია სეზონური შეწამვლისა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება. სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში ფერმერების მნიშვნელოვანი ნაწილი თხილის წარმოებით არის დაკავებული. ეს დარგი ძალიან მნიშვნელოვანია და მას გადარჩენა სჭირდება. აუცილებელია უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანაც, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, რათა დადგინდეს, რატომ ხმება თხილი“, – ამბობს გიორგი თოდუა.
დასავლეთ საქართველოში თხილის კრეფა და მოსავლის დაბინავება, როგორც წესი, აგვისტოში იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებში სრულდება. ქართული თხილის საექსპორტო ბაზრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები წარმოადგენს.
გიორგი თოდუას პროგნოზით, თხილის ბაღების ხმობა, მავნებლების გავრცელება და ნაყოფის ხარისხის გაუარესება უარყოფითად აისახება როგორც მოსავლიანობაზე, ისე პროდუქციის ფასზე.
„აზიური ფაროსანის გავლენაც ძალიან დიდია, თუმცა თხილის ბაღების ხმობის პროცესიც უარყოფითად მოქმედებს თხილის ფასსა და ხარისხზე. უხარისხო მოსავლის პირობებში რეალიზაციაც მცირდება. დღეს ბაზარზე თხილის ფასი 2-3 ლარია. ეს დაბალი მაჩვენებელია, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ახლო მომავალში ფერმერები თხილის ბაღებს მასობრივად გაჩეხავენ. ამის ცალკეული შემთხვევები უკვე არსებობს“, – ამბობს გიორგი თოდუა.
2022-2025 წლებში საქართველოში „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ ფინანსდებოდა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროგრამის მიზანი თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო. ამისთვის ფერმერებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულება სუბსიდირების გზით უნაზღაურდებოდათ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოში თხილის ხმობის მიზეზებს 2021 წლიდან იკვლევს.
„აჭარა თაიმსის“ კითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში წერილობით უპასუხეს.

- გასულ წელთან შედარებით, წელს რამდენი იყო თხილის მოსავალი აჭარაში?
აჭარის სოფლის მეორნეობის სამინისტრო: გასულ, 2025 წელს, თხილის მოსავალი აჭარაში 4 590 ტონა იყო, ხოლო 2026 წელს პროგნოზირებულია 4 520 ტონა თხილის მოსავლის მიღება (თხილის მოსავლის რეალიზაციის პროცესი ამ ეტაპზეც გრძელდება).
- დაავადებულ მცენარეს როგორ შველიან და რა კეთდება მისი გაჯანსაღებისთვის?
აჭარის სოფლის მეორნეობის სამინისტრო: თხილის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა ინტეგრირებულ მიდგომას მოიცავს. დიდი მნიშვნელობა აქვს დროული და სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებას. სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენება ბაქტერიოზებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
პირველი წამლობა ტარდება თებერვალ-მარტის დასაწყისში ისე, რომ არ დაემთხვეს მდედრობითი კვირტების გაშლას. შემდეგი წამლობები ტარდება გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წამლობითი ღონისძიებები ჩატარდეს მოსავლის აღების შემდეგ და გვიან შემოდგომაზე (აღნიშნულ ეტაპზე ჩამოცვენილია ფოთლების 2/3), რათა არ მოხდეს ნაყოფის კრეფისა და ფოთოლცვენის დროს გაჩენილ მიკროჭრილობებში ბაქტერიული ინფექციის შეჭრა. იმ ნაკვეთებზე, სადაც შეინიშნება ხმობის სიმპტომები, საჭიროა დასნებოვნებული ტოტების გამოჭრა, გამოტანა და დაწვა.
- ასევე, როგორ უნდა გადარჩეს ნარგავები, რომ თხილის ხეებმა ბაღებში ხმობის პროცესი შეაჩერონ?
აჭარის სოფლის მეორნეობის სამინისტრო: აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ძირითადად გაცემულია წინა კითხვაში, თუმცა დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თხილის გავრცელებული დაავადებები, განსაკუთრებით ბაქტერიოზი, მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან თხილის მწარმოებელ ქვეყანაშია გავრცელებული და სერიოზულ ზარალს აყენებს პლანტაციებს. მათ წინააღმდეგ ევროპასა და ამერიკაში მკაცრად გაწერილი, კომპლექსური სტრატეგიით იბრძვიან.
ფიტოპლაზმური ხმობა და ბაქტერიოზები დაფიქსირებულია იტალიაში, სლოვენიაში, პოლონეთსა და გერმანიაში. ასევე, ჩვენს მეზობელ თურქეთშიც არის დაფიქსირებული სხვადასხვა ბაქტერიული დაავადება. უნდა აღინიშნოს, რომ ხმობის გამომწვევი ორგანიზმების იდენტიფიცირების მიზნით კვლევები გრძელდება შესაბამისი ორგანიზაციების სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ.
- რომელია ექსპორტიორი ქვეყნები და რამდენი თხილი გავიდა წელს ბაზარზე?
აჭარის სოფლის მეორნეობის სამინისტრო: თხილი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო კულტურაა, რომლის მოსავლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გავიდა. ეს ქვეყნებია იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და საბერძნეთი. ასევე, თხილის ექსპორტი განხორციელდა სირიაში, რუსეთსა და სომხეთში. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის ექსპორტის აღრიცხვა ეროვნულ დონეზე ხდება. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებულია 7 800 ტონა თხილი.
- სუბსიდირების პროგრამა თუ აქვს სამინისტროს მეთხილე ფერმერებისთვის დაწესებული?
აჭარის სოფლის მეორნეობის სამინისტრო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო მეთხილე ფერმერებს თანადაფინანსების ფარგლებში ხელს უწყობს შემდეგი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით:
- ნერგები (ახალი ბაღის გაშენების შემთხვევაში);
- წვეთოვანი სარწყავი სისტემა;
- სასუქები (ახალი ბაღის გაშენების შემთხვევაში);
- სეტყვისა და სიცხისგან დამცავი ბადეები;
- ბაღის მობილური შესაწამლი აპარატი;
- მრავალფუნქციური მოტობლოკი;
- თხილის გამრჩევი დანადგარი;
- თხილის ამკრეფი მოწყობილობა;
- თხილის სატეხი მოწყობილობა;
- თხილის საშრობი.
მეთხილე ფერმერებს უფასო კონსულტაციებს უწევენ სამინისტროს ექსტენციონისტები, ხოლო ნიადაგის უსასყიდლო კვლევები ტარდება შემდეგ პარამეტრებზე: ჰუმუსი, ნიადაგის მჟავიანობა და ძირითადი საკვები ელემენტები (NPK).
სამინისტროს 2026 წლის პროგრამის „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში თანადაფინანსებულია მეთხილეობის მიმართულებით 880 ფერმერი. თანადაფინანსების ჯამური ღირებულება შეადგენს 854 000 ლარს.
ცნობისთვის: სამეცნიერო წყაროების მიხედვით, თხილი ხანგრძლივად მცხოვრები მცენარეა, რომლის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 180-200 წელს აღწევს. თითოეული დედა ტოტი კი დაახლოებით 70-80 წელი ცოცხლობს. თხილი სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა, თუმცა გარკვეულ პირობებში ყინვასა და გვალვასაც უძლებს. ის სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე ხარობს, განსაკუთრებით მაღალ მოსავალს კი ორგანული ნივთიერებებითა და ჰუმუსით მდიდარ ნიადაგზე იძლევა.
თხილის ძირითადი მავნებლებია თხილის ცხვირგრძელა, შავი ხარაბუზა, ტკიპა, ამერიკული თეთრი პეპელა, ამბროზიის ხოჭო, ჩრჩილები და ბაღლინჯოები. დაავადებებიდან კი გავრცელებულია თხილის ნაცარი და ყავისფერი სიდამპლე. მიუხედავად იმისა, რომ თხილის ბაღების ხმობის მიზეზებს შესაბამისი უწყებები წლებია იკვლევენ, ფერმერებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი კვლავ პასუხგაუცემელია: რა იწვევს ბაღების მასობრივ ხმობას და როგორ შეიძლება მათი გადარჩენა?
პრობლემა მხოლოდ ერთი სეზონის მოსავლის დანაკარგს არ ეხება. თხილის ბაღების მასობრივმა განადგურებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფერმერების შემოსავალს, რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ქართული თხილის წარმოების მომავალს. ზუსტი მიზეზების დადგენისა და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გარეშე კი ფერმერებს გაურკვევლობაში უწევთ გადაწყვეტილებების მიღება, გააგრძელონ ბაღების მოვლა თუ მრავალწლიანი ნარგავები სხვა კულტურებით ჩაანაცვლონ.
რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს
აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს
ქალაქებში მოსახლეობა იზრდება, სოფლებში კი მცირდება – საქსტატის 2024 წლის აღწერის შედეგები ცნობილია

