აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან:
- ისრაელის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული მ.კ.
- რუსეთის მოქალაქე, 2004 წელს დაბადებული ე.მ.
- ბელარუსის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული ვ.ნ.
სამივე მათგანი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას დააკავეს.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობები და შეფუთვები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



