გაერთიანებული სამეფოს (UK) მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე და ასახავს როგორც ბრიტანულ, ასევე ქართულ კანონმდებლობას სანქციების საკითხში.
დოკუმენტი პრაქტიკულ რეკომენდაციებს აძლევს ბიზნესებს, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდნენ სანქცირებულ პირებთან ან ორგანიზაციებთან საქმიანობის რისკის ქვეშ. სახელმძღვანელოში ხაზგასმულია, რომ სანქციების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული ფინანსური და სამართლებრივი შედეგები, მათ შორის აქტივების გაყინვა და საერთაშორისო ბაზარზე წვდომის შეზღუდვა.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სახელმძღვანელოს ძირითადი მიზნებია:
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გაცნობა, რომლებიც უკავშირდება სანქცირებულ პირებთან საქმიანობას;
- იმ რისკების განმარტება, რომლებიც უკავშირდება გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო ბანკებისა და მიმწოდებლების მიერ მომსახურებებსა და საქონელზე წვდომის დაკარგვას;
- პრაქტიკული ნაბიჯების გაწერა, რომლებიც დაეხმარება ბიზნესებს სანქციებთან დაკავშირებული პოტენციური შეფერხებების თავიდან აცილებაში.
სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და სანქციების გვერდის ავლის სტრატეგიებს, როგორიცაა არაპირდაპირი გადაზიდვები, საბოლოო მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გაყალბება და ე.წ. საფარის კომპანიების ქსელების გამოყენება.
დოკუმენტი რამდენიმე მაგალითს ასახელებს საქართველოს კონტექსტში, როგორიცაა:
- საქართველოს კომპანიამ შესაძლოა მიიღოს შეკვეთა რუსი იმპორტიორისგან იმ საქონელზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულია და მის პირდაპირ ექსპორტს UK-ს მიმწოდებლები ვერ ახორციელებენ;
- ქართული კომპანია შეუკვეთავს ასეთ საქონელს გაერთიანებული სამეფოდან ისე, რომ დამალავს საბოლოო მომხმარებლის რეალურ ადგილმდებარეობას (რუსეთი);
- საქონლის რეექსპორტი რუსეთში ქართული კომპანიის მეშვეობით.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული სანქციების დაცვა სამართლებრივად სავალდებულოა მხოლოდ UK-ს მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის, სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობა რისკის შემცველია ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბიზნესებისთვის.
„გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლოა სანქციები დაუწესოს ისეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის გაგრძელებას ან სანქციების მიზნების ხელშეშლას,“ — ნათქვამია სახელმძღვანელოში.
დოკუმენტის მიხედვით, პრაქტიკაში სანქცირების შედეგები შეიძლება მოიცავდეს:
- ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების უარს ბიზნესზე, მომსახურებაზე ან საქონლის მიწოდებაზე;
- ბანკების მიერ ანგარიშების გაყინვასა და მომსახურებაზე უარის თქმას;
- დაზღვევისა და ლოგისტიკური მხარდაჭერის შეწყვეტას.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ეს სახელმძღვანელო შეიმუშავეს იმისთვის, რომ დაეხმარონ ქართულ კომპანიებს თავიდან აირიდონ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული ფინანსური და რეპუტაციული ზიანი.



