
ბათუმი, 7 აპრილი — ისტორიაში პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა დახურულ ფორმატში იმართება.
სხდომის დახურვის გადაწყვეტილება საბჭოს მოქმედმა არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიიღო, რაც დღემდე პრეცედენტს არ წარმოადგენდა.
რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ უშვებენ აკრედიტირებულ ჟურნალისტებს. ასევე, სხდომის მიმდინარეობის პირდაპირი ტრანსლაცია არ ხორციელდება, რაც დამატებით კითხვებს აჩენს პროცედურული გამჭვირვალობის შესახებ.
დახურულ სხდომაზე, არსებული ინფორმაციით, თვითგამოცხადებული დეპუტატები ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ.
სულხან თამაზაშვილი, რომელსაც არალეგიტიმური დეპუტატების უმრავლესობა უჭერს მხარს, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პირია.
დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორის ნაწილი პროცესს არადემოკრატიულად აფასებენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებები ღიად, საზოგადოების ჩართულობით უნდა მიიღებოდეს.