ბათუმში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა შეაფასა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და არსებობს რეალური რისკი, რომ ქვეყანამ დაკარგოს ისტორიული შანსი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
„დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც – საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია,“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ვალდებულება, არამედ შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება ქვეყნისა და ხალხის სუვერენულ არჩევანს. ჰერჩინსკის შეფასებით, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას, კეთილდღეობას და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას.
„ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობა და კეთილდღეობა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მის სრულფასოვან ინტეგრაციას,“ – აღნიშნა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკიმ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხანგრძლივ პარტნიორობაზე და თქვა, რომ ამ ურთიერთობამ საქართველოს მოქალაქეებს ბევრი სიკეთე მოუტანა – როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში.
ღონისძიება ბათუმში სიმბოლურად ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ერთიანობისა და თანამშრომლობის მხარდაჭერას მიეძღვნა. ელჩმა გამოსვლა დაასრულა მოწოდებით – „წინ საქართველო!“



