ბათუმში ევროპის დღის აღსანიშნავად ველომარათონი გაიმართა, რომლის მიზანი ველოსიპედის, როგორც ქალაქში გადაადგილების თანამედროვე და ეკოლოგიური ტრანსპორტის პოპულარიზაცია იყო.
მარათონის მონაწილეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, საიდანაც ახალი ბულვარის გავლით ანბანის კოშკის მიმდებარედ დასრულდა მსვლელობა.
ღონისძიება ევროპის დღის ფარგლებში გაიმართა და ევროკავშირსა და საქართველოს 30 წლიან პარტნიორობას მიეძღვნა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ველოსიპედი წარმოადგენს არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების სტილის, არამედ თანამედროვე და ევროპული ცხოვრების წესის სიმბოლოს.
„აქ ვართ იმიტომ, რომ ხაზი გავუსვათ ევროკავშირსა და საქართველოს 30 წლიან თანამშრომლობასა და მეგობრობას. სწორედ ველომარათონი ეძღვნება ამ დღეს. ყველაზე ჯანსაღი და ევროპული ტრანსპორტით გვსურს, ჩვენს მაცხოვრებლებს შევახსენოთ, რომ ქალაქში გადაადგილების ყველაზე მარტივი და ეკოლოგიური ფორმა ველოსიპედია,“ — განაცხადეს ორგანიზატორებმა.
ველომოყვარულების თქმით, ბათუმის ტიპის ქალაქისთვის ველოსიპედი განსაკუთრებით პრაქტიკული არჩევანია — თავიდან ავიცილებთ საცობებს, არ აბინძურებს ჰაერს და ამავდროულად ხელს უწყობს აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრებას.



