„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა „ქუთაისის ტორპედო“ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩი უხვგოლიანი აღმოჩნდა. შეხვედრის პირველი გოლი 23-ე წუთზე „ტორპედოს“ ფეხბურთელმა ანდრიჩმა გაიტანა და სტუმრები დააწინაურა.
მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 45+2-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძის გოლით მოახერხეს. მეორე ტაიმი „თოლიებმა“ ენერგიულად დაიწყეს. 51-ე წუთზე გურამ ჯაბარიძის გოლით „დინამო ბათუმი“ დაწინაურდა.
,მატჩის 59-ე წუთზე ქუთაისელთა ფეხბურთელმა მატეო სტამატოვმა წითელი ბარათი მიიღო. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის მიუხედავად, „ტორპედომ“ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა, 77-ე წუთზე დეისაძემ „თოლიების“ კარი აიღო.
„დინამო ბათუმის“ გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს, 90+7-ე წუთზე, კლუბის ახალწვეულმა ომრან იმრანმა გაიტანა. „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს გამართავს. 28-ე ტურში „დინამოების“ დერბი გაიმართება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

