„დინამო ბათუმის“ ფან-კლუბი „შავი ზღვის პირატები“ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია კლუბში არსებულ მძიმე ფინანსურ კრიზისზე. მათი თქმით, ვითარება იმდენად სერიოზულია, რომ საფრთხე შეექმნა კლუბის პროფესიონალურ სტატუსს, ხოლო ქულების დაკლება და მეოთხე ლიგაში დაქვეითება უკვე რეალურ საფრთხედ ჩანს.
განცხადებაში ფანები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „დინამო ბათუმი“ არ არის მხოლოდ სპორტული ორგანიზაცია, არამედ წარმოადგენს ბათუმის ღირსების სიმბოლოს და მისი ისტორია უკვე ას წელზე მეტს ითვლის.
„მიგვაჩნია, რომ ვალდებულები ვართ გამოვეხმაუროთ იმ საგანგაშო ვითარებას, რომელშიც გუნდი იმყოფება — ფინანსური კრიზისის გამო საფრთხე შეექმნა კლუბის პროფესიონალურ სტატუსს. ქულების დაკლება და მეოთხე ლიგაში დაქვეითება კი ფაქტობრივად კატასტროფას ნიშნავს. ეს მხოლოდ სპორტული პრობლემა არ არის — ეს ჩვენი ქალაქის, მისი ღირსებისა და იმ ისტორიის დისკრედიტაციაა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ფან-კლუბი მადლობას უხდის ამჟამინდელ ხელმძღვანელს გაწეული საქმიანობისთვის. თუმცა, იმავე ტექსტში აღნიშნულია, რომ დადგა დრო რადიკალური გადაწყვეტილებების მისაღებად, მათ შორის — მენეჯმენტის შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობენ.
„არ დავუშვებთ, რომ კლუბი მიტოვებულად დარჩეს და წაიშალოს ყველაფერი, რაც აქამდე ყველამ ერთად შევქმენით. დროა ვიმოქმედოთ — სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან!“ – წერენ ფანები.
„შავი ზღვის პირატები“ საჯაროად მიმართავენ ყველას, ვისაც კლუბის გადარჩენა შეუძლია და დროულ რეაგირებას სთხოვენ, რადგან, მათი თქმით, დრო ძალიან ცოტა რჩება.
„დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგაში ორჯერ გახდა ჩემპიონი – 2021 და 2023 წლებში. კლუბმა ხუთჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი და ორჯერ — ქვეყნის სუპერთასი. საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა 1997/98 წლების სეზონში. ამჟამად გუნდი უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია და მომავლის ბედი გაურკვეველია.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



