„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2023 წელს ქვეყნის თანამდებობის პირებმა 22 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს. მონაცემები ეფუძნება 2024 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს, სადაც მითითებულია, რომ 308-მა საჯარო მოხელემ საჩუქრად მიიღო ქონება თუ ფულადი თანხა.
ნაღდი ფული – დაახლოებით 16 მილიონი ლარი
- 33 სახლი;
- 14 მიწის ნაკვეთი;
- 21 ავტომობილი;
- 6 ცეცხლსასროლი იარაღი
რომელი უწყების წარმომადგენლებმა მიიღეს ყველაზე მეტი საჩუქარი? პროკურატურა – 4.5 მილიონი ლარი (46 თანამშრომელი)
- პარლამენტის წევრები – 2.4 მილიონი ლარი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 2 მილიონი ლარი;
- მოსამართლეები – 1.3 მილიონი ლარი;
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თანამდებობის პირმა, მათ შორის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, 100 ათას ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს.
რა ამბობს კანონი?
კანონმდებლობით, თანამდებობის პირებს ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომელიც აღემატება მათი წლიური ხელფასის 5%-ს ან გავლენას მოახდენს მათი მოვალეობის შესრულებაზე. თუმცა ოჯახისა და ახლო ნათესავებისგან მიღებული საჩუქრები ამ შეზღუდვაში არ შედის, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, „ხარვეზს ქმნის და მაღალი კორუფციული რისკის მატარებელია“.
ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ გაძლიერდეს მონიტორინგი, გამკაცრდეს რეგულაციები და ნათესავებისგან მიღებული მაღალი ღირებულების საჩუქრები არ დარჩეს რეგულაციის მიღმა.



