„ლელო – ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ზვიად შარაძის განაჩენით, ხაზარაძეს 8-თვიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამასთან, მას 2 წლის ვადით აეკრძალა რაიმე სახის თანამდებობის დაკავება. განაჩენის გამოცხადების პროცესს თავად ბრალდებული არ დაესწრო.
ინფორმაციისთვის: სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას. მუხლის ფარგლებში სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით ან თანამდებობის დაკავების/საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.
ცნობისთვის: ხაზარაძე იმ საქმეზე დაიბარეს, რომელიც უკავშირდებოდა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ განხილულ საკითხს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად ადრე 50 000 ლარიანი გირაო იყო გამოყენებული, რომელიც მან კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადაიხადა.



