შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 44 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი სხვადასხვა ფორმით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას, რეალიზაციის მომზადებას, მცდელობასა და ხელშეწყობას ახორციელებდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არაერთხელ განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
ჩხრეკისას, დაკავებულთა ავტომობილებიდან, საცხოვრებელი სახლებიდან და მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ასევე დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. ერთ-ერთი დაკავებულისგან პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე ტერცია და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით 1 417 პირი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, რომელთა უმეტესობა ნარკორეალიზატორია.



