„ქართული ოცნების“ ინიციატივით, სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების განხორციელებაც რეგულაციის ქვეშ ექცევა.
ამ ცვლილების შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე “ოცნრბის” დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ცვლილება მხოლოდ ტექნიკური დაზუსტებაა და მიზნად ისახავს სასამართლო პროცესებზე რეგულაციების თანხვედრას:
„მისათითებელია აუდიოჩანაწერი და აუდიოჩაწერის განხორციელებაც იქნება შესაბამისად დარეგულირებული. ამ საკითხზეც გადაწყვეტილების მიღება შეეძლება იუსტიციის საბჭოს ყოველ კონკრეტულ სხდომასთან დაკავშირებით. ლოგიკურიცაა, თუ ვიდეო-ფოტოგადაღებასთან რეგულაციაა, აუდიოსთან დაკავშირებითაც უნდა იყოს. ეს უბრალოდ გამორჩენილი იყო ტექსტში და ამის დაზუსტება ხდება,“ — განაცხადა გორდულაძემ.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება თან ახლავს კანონპროექტს, რომელიც მედიისთვის სასამართლო სხდომების ფოტო და ვიდეოგადაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით 25 ივნისს განიხილა, ხოლო უკვე 26 ივნისს მეორე მოსმენით მიიღო.
საკითხს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არცერთი.
ინფორმაციისთვის: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აქამდე მხოლოდ ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვას ახმოვანებდა, თუმცა ახალი ცვლილებით, აუდიოჩანაწერებიც რეგულაციაში ექცევა. იუსტიციის საბჭოს მიენიჭება უფლება, თითოეული სხდომის შემთხვევაში გადაწყვიტოს, დაეშვება თუ არა ჩანაწერის გაკეთება.



