2025 წლის მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 1 სექტემბერს იწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ონლაინ – ვებგვერდზე vet.emis.ge, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მომავალ წელს გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას მისცემს, პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ პროფესიული დიპლომი და ატესტატი. სურვილის შემთხვევაში, მათ ექნებათ უმაღლეს განათლებაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, 2025 წელს გაგრძელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმატიც, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობას გულისხმობს. სწავლების ნაწილი უშუალოდ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ საწარმოში განხორციელდება.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი, ასევე რეგისტრაციის ინსტრუქცია ხელმისაწვდომია პორტალზე – vet.emis.ge.



