UNICEF-მა, საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, მიზნობრივი კვლევა ჩაატარა თბილისში, ბათუმში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ქუთაისში. კვლევის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და განვითარებისათვის საჭირო უნარების შეფასება.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მიგნება ახალგაზრდების წიგნიერების დაბალი დონეა — მონაწილეთა თითქმის მეოთხედს უჭირს აზრების ფორმულირება და გადმოცემა. წერითი კომუნიკაცია განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკური უმცირესობებისთვის, რაც ხელს უშლის მათ აკადემიურ და საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.
კრიტიკული აზროვნების, დებატებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებიც სუსტია: მონაწილეთა მესამედს არ შეუძლია დასაბუთებული არგუმენტების ჩამოყალიბება, რაც დაბალ მონაწილეობას იწვევს საზოგადოებრივ პროცესებში.
მრავალენოვნებისა და კულტურული ცნობიერების მხრივ, ახალგაზრდები აღიარებენ ამ ღირებულებების მნიშვნელობას, თუმცა ეთნიკური უმცირესობებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება სახელმწიფო ენის დაუფლება. ახალგაზრდების ნაწილი საქართველოში ტოლერანტულ გარემოს აფასებს, თუმცა საზოგადოებაში კულტურული განსხვავებულობის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.
მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა — კვლავ მცირე ინტერესი შეინიშნება. ახალგაზრდები ვერ აკავშირებენ აღნიშნულ დარგებს პროფესიულ პერსპექტივებთან, რაც ეკონომიკური განვითარების პოტენციალს მნიშვნელოვნად ზღუდავს.
ციფრული წიგნიერება ზოგადად მაღალია, თუმცა კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ მედიაში ნავიგაციის უნარებზე ახალგაზრდები ხშირად დაბნეულები არიან. შეშფოთებას იწვევს პერსონალური მონაცემების დაცვა და დეზინფორმაციასთან გამკლავების უნარის ნაკლებობა.
ფსიქიკური ჯანმრთელობა კვლევის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად გამოიკვეთა. ახალგაზრდები საუბრობენ დაბალ მოტივაციაზე, სტრესზე, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე ხელმისაწვდომობის სიმცირეზე და სტიგმაზე, რაც ხელს უშლის მათ დახმარების მოძიებაში. ბულინგი, ოჯახური კონფლიქტები და მომავლის გაურკვევლობა კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას.
სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების კუთხითაც ხარვეზებია. ახალგაზრდებს სურთ იდეების რეალიზება და ინოვაციურ პროექტებში ჩართვა, მაგრამ მათ არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
UNICEF-ის რეკომენდაციები მოიცავს:
- სკოლამდელი, ფორმალური და არაფორმალური განათლების გაძლიერებას;
- სახელმწიფო ენის სწავლის ხელშეწყობას ეთნიკური უმცირესობებისთვის;
- ციფრული და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პროგრამების დანერგვას;
- სამეწარმეო და სამოქალაქო განათლების ინტეგრაციას;
- არაფორმალური სივრცეების განვითარებას რეგიონებში.



