2024 წელს საქართველოში წყალმომარაგების, წყალარინებისა და ჩამდინარე წყლის გამწმენდი სისტემებით მომსახურებული მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა — ამის შესახებ მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებას ქვეყანაში 28 საწარმო ახორციელებდა. მათ მიერ 2024 წელს მიწოდებული წყლის საერთო მოცულობამ 243.4 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 5.1%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე (231.5 მლნ კუბ.მ).
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.79 მილიონი ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 75.4%-ს შეადგენს. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 2.75 მილიონი იყო, ანუ 1.5%-ით ნაკლები.
წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული იყო 2.00 მილიონი ადამიანი, რაც მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის 54.1%-ია. წინა წელს ეს მაჩვენებელი 1.98 მილიონს შეადგენდა.
რაც შეეხება ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობებზე მიერთებულ მოსახლეობას, 2024 წელს მათი რაოდენობა 1.58 მილიონი იყო, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 42.7%-ს შეადგენს. 2023 წელს ეს რიცხვი 1.52 მილიონს შეადგენდა.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგების, კანალიზაციისა და გამწმენდი ინფრასტრუქტურის მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ არ არის მიერთებული აღნიშნულ სისტემებზე.
2015-2024 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, უწყება მოსახლეობის მიერთების მაჩვენებლების დინამიკას ორ დიაგრამად წარმოადგენს — ერთი ასახავს წყალარინების ქსელზე მიერთებული მოსახლეობის წილს, ხოლო მეორე — გამწმენდ ნაგებობებზე მიერთებულთა წილს.



