ქობულეთში მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება მოქალაქეებისთვის სერიოზულ დისკომფორტად იქცა – საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალონებში კონდინცირების სისტემა გამორთულია, რის გამოც ტემპერატურა ზოგიერთ შემთხვევაში 37 გრადუსს აღწევს.
მგზავრები იხსენიებენ, რომ ხანგრძლივი მგზავრობისას ცუდად გახდომის შემთხვევებიც დაფიქსირდა.
ხალხი ცხელ დღეებში, ავტობუსში არსებული მაღალ ტემპერატურასთან გამკლავებას ფანჯრების გაღებით ცდილობს, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, ეს საკმარისი არ არის.
ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც მუნიციპალური ავტობუსით გადაადგილდებოდა, გადაიღო ფოტო, რომელშიც ჩანდა ავტობუსის ტაბლოზე დაფიქსირებული შიდა ტემპერატურა — 37°C.

რატომ არ ირთვება ავტობუსებში კონდინციონერი – ამ კითხვით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია მძღოლების მხრიდან კონდინციონერის არჩართვის ფაქტზე, თუმცა ასევე აღნიშნეს, რომ მძღოლებს უკვე ჰქონდათ მიცემული რეკომენდაცია კონდინციონერის სავალდებულო გამოყენების შესახებ. მერიაში გვითხრეს, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ ამ ვალდებულებას მომსახურე პერსონალს.
ინფორმაციისთვის: ქობულეთის მუნიციპალურ ტრანსპორტში არ მუშაობს ელექტრონული გადახდის სისტემა, რაც ასევე პრობლემას უქმნის მგზავრებს. უკვე მეორე წელია, რაც მერიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით „აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, თუმცა რეალური შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.
ქობულეთის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მუნიციპალური სერვისების ხარისხი მოქალაქეთა საჭიროებებს ვერ პასუხობს – განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, როდესაც ტურისტული ზონა დამატებით იტვირთება.



