ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა. 26 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, დასკვნითი კონცერტი „ტანგოს სული“ გაიმართა.
საღამოზე მონაწილეობდნენ მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია), თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო, საქართველო), ნიკოლოზ ვადაჭკორია (ფლეიტა, საქართველო) და კვინტეტი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო – ლელა მჭედლიძე). მათ შეასრულეს ასტორ პიაცოლას, მარტინ პალმერის, რობერტო მოლინელის, იგორ სტრავინსკისა და ანხელ ვილოლდოს ნაწარმოებები.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ისაკაძის თქმით, ბათუმში სამი გამორჩეული კონცერტი გაიმართა, რომლებიც მუსიკალური მრავალფეროვნებითა და მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. მისი თქმით, ტრადიციად იქცა მსოფლიოს აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მუსიკოსების მონაწილეობაც, რაც ფესტივალს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.
ფესტივალის დირექტორმა ნინა ცაგარელმა აღნიშნა, რომ დასკვნითმა კონცერტმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა და მსმენელის ოვაციებით დასრულდა.
როგორც ფესტივალის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბათუმში ჩატარებული კონცერტები მუსიკის ნამდვილი ზეიმი იყო, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნიდა როგორც შემსრულებლებს, ასევე მსმენელებს. „ღამის სერენადების“ მომდევნო კონცერტები თბილისში, 9 და 11 ოქტომბერს გაიმართება.



