ქობულეთში მომუშავე სპორტული გუნდის ხელმძღვანელობა, მშობლები და ბავშვები სამშაბათს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან საპროტესტო შეკრებას გეგმავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ საჯაროდ განმარტოს, რატომ გაჭიანურდა სტადიონის მოწყობის პროცესი და რატომ ვერ ხერხდება გუნდისთვის მინიმალური ინფრასტრუქტურული პირობების შექმნა.
„ასჯერ ვიყავით გამგეობაში და ასჯერ მოგვატყუეს“, – ნათქვამია საფეხბურთო აკადემია “ბომბორას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ისინი ითხოვენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების პირველი პირები გაეცნონ პრობლემას და პასუხი მოეთხოვოთ იმ ადგილობრივ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც მათი თქმით, ხელი შეუშალეს სტადიონის მშენებლობის პროცესს.
„სამშაბათს მოვდივართ ბავშვებით, მათი მშობლებით და მთელი გუნდის კოლექტივით გამგრობაში. ველოდებით საჯარო პასუხებს – რატომ გვაიგნორირეთ ამდენი ხანი?! როდის იქნება სამართლიანი პასუხი ჩვენი სტადიონის შესახებ? ყველა მედიას მივმართავთ, რათა გაიგონ ჭეშმარიტი მიზეზი, რატომ ვართ ამ დღეში“, – აცხადებენ ისინი.
დირექტორი, რეზო ხინიკაძე, “აჭარა თაიმსთან” საუბრისას ამბობს, რომ გუნდი უკვე შვიდი წელია ფუნქციონირებს. მისი თქმით, პირველ ოთხ წელიწადს გუნდის შენახვა საკუთარი ხარჯებით უხდებოდათ, ბოლო წლებში კი ის კომერციულად გადაკეთდა და დღეს უკვე ორასი ბავშვი ვარჯიშობს.
„ქალაქში 12 წლის ზემოთ ბავშვებისთვის შესაბამისი სტადიონი საერთოდ არ არსებობს. არც ინფრასტრუქტურა გვაქვს. ხან სად დავდივართ ვარჯიშზე და ხან – სად, მოუწესრიგებელ სტადიონებზე. ეს არის გულგრილობა. არც მონდომებაა, რომ ახალგაზრდებისთვის შესაბამისი პირობები შექმნან. წინა მერი, ლევან ზოძე დაგვპირდა მშენებლობას, მაგრამ გადადგა, ახლა კი არც ვიცით, ახალ მერს რა პოზიცია აქვს. ხან ბიუჯეტში შეტანას გვპირდებოდნენ, ხან ცვლილების დროს დახმარებას, მაგრამ საქმე არ დაძრულა“, – აცხადებს ხინიკაძე.
მოთხოვნების ჩამონათვალში ძირითადად ვარჯიშის პირობების გაუმჯობესება და სტადიონის აშენებაა. პროტესტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს არ არის მხოლოდ გუნდის ან ბავშვების პრობლემა – ფიქრობენ რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ქობულეთის ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
„ყველა ვარჯიში, ყველა თამაში გადაიდება და სამშაბათს ვიქმებით გამგეობის შენობაში. დროა, ყველა ვაგებდეთ პასუხს მათ ნამოქმედარზე. ერთხელ და სამუდამოდ კონკრეტული საუბარი ხომ შეიძლება, რომ ამდენი წელი ტყუილში არ ვცხოვრობდეთ?“ – ვკთხულობთ გუნდის განცხადებაში.
ქობულეთის მერიაში არ პასუხობენ კითხვას, თუ როდის დაიწყება სპორტსკოლის მშენებლობა
“ქობულეთის შუქურა” მაფიოზურ კლანურ მმართველობას შეეწირა – ენმ



