შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, სხვადასხვა დროს დაკავებულები არიან: 2005 წელს დაბადებული ყაზახეთის მოქალაქე ბ.ა., 1980 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე ჰ.ა. და 1978 წელს დაბადებული გერმანიის მოქალაქე ო.ქ.
პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები ბათუმსა და ქობულეთში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციელებმა მათი პირადი ჩხრეკის, ავტომობილებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების დათვალიერების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სარეალიზაციოდ დაფასოებული ათეულობით შეკვრა „მეთადონი“, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“ და „პრეგაბალინი“, ასევე ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



