ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორ თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქართველოს მასშტაბით უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 629 ფაქტი გამოავლინა, მათგან 37 აჭარაში დაფიქსირდა.
სეზონის განმავლობაში გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 566 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის შემთხვევაა. გარემოსდამცველების ინფორმაციით, აჭარაშიც დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ნადირობდნენ აკრძალული საშუალებით ე.წ. ხელნაკეთი ხმოვანი მოწყობილობით (მანოკით). საქართველოში სეზონის დაწყებიდან ამოღებულია 558 ასეთი მოწყობილობა.
გარდა ამისა, რამდენიმე შემთხვევაში მოქალაქეებს ნადირობის მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, ხოლო ნაწილმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელა ნადირობა, რაც კანონით აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამის უწყებაშია გადაგზავნილი.
საერთო ჯამში, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში – 235, გურიაში – 82, იმერეთში — 77, ქვემო ქართლში – 56, მცხეთა-მთიანეთში – 48, შიდა ქართლში – 45, აჭარაში – 37, სამცხე-ჯავახეთში – 22, კახეთში – 13, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 5 ფაქტი. დედაქალაქშიც გამოვლენილია 9 სამართალდარღვევა (23 აგვისტოდან 23 ოქტომბრის ჩათვლით).
გარემოსდაცვითი უწყების ინფორმაციით, უკანონო ნადირობის შემთხვევებში ფიქსირდება „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების მოპოვებაც – უკანონოდ მოინადირეს 1 დათვი, 1 არჩვი, 3 ხოხობი, 3 ქედანი და 9 მწყერი.


