„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა. ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ რიჟვაძეები თურქეთიდან გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრნენ.
წყაროების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმავე წყაროები აცხადებენ, რომ შემთხვევის შემდეგ მას ერთ თვალზე ხედვა დაკარგული აქვს.
„აჭარა თაიმსმა“ ასევე გაარკვია, რომ თორნიკე რიჟვაძის შვილები, რომლებიც ახლაც ბათუმის მერვე საჯარო სკოლის ბაზაში ირიცხებიან, სასწავლო პროცესში არ მონაწილეობენ. სკოლის დირექტორმა ქეთევან გვარჯალაძემ დაადასტურა, რომ მოსწავლეები სკოლაში არ ცხადდებიან, თუმცა აღნიშნა, რომ მათ კანონით განსაზღვრული 30-პროცენტიანი გაცდენის ლიმიტი ჯერჯერობით ამოწურული არ აქვთ.
როდის ჰქონდა ბოლოს კომუნიკაცია აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძესთან, ასევე, რატომ წავიდნენ ისინი გერმანიაში საცხოვრებლად? კითხვას დავით გაბაიძე არ პასუხობს. საბჭოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „აჭარა თაიმსის“ შეკითხვები ადრესატს მიაწოდეს, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღიათ.
ცნობისთვის: დავით გაბაიძის და თორნიკე რიჟვაძის ცოლები ბიძაშვილები არიან
ინფორმაციისთვის: პროკურატურის ვერსიით, 6 ივლისს, თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან, რა დროსაც მალულად აიღო მასპინძლის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც დაუდევრად იყო მოთავსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე შემინულ ფანჩატურში და მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.



