აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის მაისში, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში, ინფლუენსერ (ინდმეწარმე) გიორგი ჯობავასთან 56 000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.
შესყიდვის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და აჭარაში მოგზაურობის წამახალისებელი 4-თვიანი კრეატიული სარეკლამო კამპანიის კონცეფციის მომზადება და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სოციალურ ქსელ Visit Batumi-ის საშუალებით სარეკლამო კამპანიის წარმოება. ხელშეკრულება არ მოიცავს კამპანიის ფარგლებში შექმნილი მასალის დაბუსტვას და დარეკლამებას.
ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის მნიშვნელოვანია Visit Batumi-ის TikTok-ის ანგარიშზე, რომელსაც 26 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხარისხიანი, მრავლფეროვანი, ტურისტულად მიმზიდველი კონტენტის განთავსება; აჭარის სამიზნე აუდიტორიის დაინტერესება და მათი რეგიონში მოგზაურობის სტიმულირება; ორგანული მარკეტინგული კამპანიის წარმოება; აუდიტორიის ზრდა; ბათუმისა და აჭარის, როგორც ტურისტული დესტინაციის, თანამედროვედ და მიმზიდველად წარმოჩენა. მომსახურება 2026 წლის 20 მაისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ხელშეკრულების თანახმად, წინასწარი კონცეფციის მიხედვით უნდა დამზადდეს და განთავსდეს ჯამში 32 ვიდეო/რილსი (კვირაში არანაკლებ ორი) და 4 ინტერაქტიული ფორმატის კრეატიული ვიდეო/რილსი (თვეში ერთი). ჯამური თანხა მოცემულია დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, მხარეებს შორის ორჯერ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, 13 500 ლარისა და 9 000 ლარის ღირებულების. ამდენად, მიმწოდებელს უკვე აუნაზღაურდა მთლიანი ღირებულების 40%, რაც 22 500 ლარს შეადგენს.

