ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადის დაზიანების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოკვლევა დაიწყო. ფონდის განცხადებით, დაზიანება კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია „საბა კონსთრაქშენის“ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს უკავშირდება.
პირველადი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შენობაზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა არ ჰქონდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, ისინი ამზადებენ შესაბამის მასალებს, რომლებიც შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება.
პარალელურად, ფონდის ზედამხედველობის სამსახური ობიექტზე არსებულ ვითარებას დეტალურად სწავლობს. უწყების ინფორმაციით, შემდგომი სამუშაოები მხოლოდ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდება.
ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

