ფოტო გენერირებულია AI მიერ
2025 წელს საქართველოში სამეცნიერო კვლევებს 69 დაწესებულება ახორციელებდა. კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე გაწეულმა ხარჯებმა 282.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16.2%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რაოდენობა 2.2%-ით გაიზარდა და 16 552 შეადგინა. მათგან 14 390 მკვლევარია.
მკვლევართა 55.1% ქალია, 44.9% კი კაცი. განათლების დონის მიხედვით, მკვლევართა 67.5%-ს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი აქვს, 29.8%-ს, მაგისტრის, ხოლო 2.7%-ს, ბაკალავრის ხარისხი.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ქალი მკვლევარების ყველაზე დიდი წილი 45-54 წლის ასაკობრივ კატეგორიაზე მოდის (22.9%), კაცებში კი ყველაზე მეტი 65 წლისა და უფროსი ასაკის მკვლევარია (24.4%).
სამეცნიერო მიმართულებებს შორის მკვლევართა ყველაზე დიდი ნაწილი სოციალურ მეცნიერებებში მუშაობს, 3 250 ადამიანი, რაც საერთო რაოდენობის 22.6%-ია.
მკვლევართა ყველაზე მცირე რაოდენობა სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებითაა დასაქმებული, 474 ადამიანი (3.3%).

