
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ქ., ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები — 1996 წელს დაბადებული ბ.უ. და 1991 წელს დაბადებული მ.ქ.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით — 74 შეკვრა „მეთადონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
გარდა ამისა, პოლიციამ ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციას ეხება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.