საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე — 2007 წელს დაბადებული ა.ბ. და 1999 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“.
გარდა ამისა, პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, გადაზიდვა ან გასაღება) და 260-ე კვარტა მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშეწყობა), რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


