
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბათუმში ყალბი სამედიცინო ცნობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, გამოძიებით დადგენილია, რომ ბათუმში ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა, თ.დ.-მ, 9 500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი სამედიცინო ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
გამოძიების მიხედვით, დოკუმენტში მითითებული იყო, თითქოს მოქალაქეს ჰქონდა C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის მძიმე დაავადება, რაც სინამდვილეში არ შეესაბამებოდა ფაქტობრივ მდგომარეობას.
სუს-ის ინფორმაციით, ყალბი ცნობის საფუძველზე მოქალაქეს მიენიჭა შშმ სტატუსი, რაც სახელმწიფო მხრიდან გარკვეული სოციალური შეღავათებისა და პენსიის მიღების უფლებას აძლევდა.
„სამედიცინო სფეროში მსგავსი ფაქტები, გარდა იმისა, რომ აზიანებს სახელმწიფოს ანტიკორუფციულ ინტერესებს, მნიშვნელოვნად ზიანს აყენებს უამრავი პატიოსანი და პროფესიონალი მედიკოსის რეპუტაციას. მოვუწოდებთ როგორც სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს, ისე მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი დანაშაულებრივი გარიგებებისგან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციული დანაშაულების მიმართ იქნება შეურიგებელი,“ — განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილისა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც ითვალისწინებს ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღებას. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანალოგიური ფაქტები სუს-ის ინფორმაციით თბილისში და ქუთაისშიც დაფიქსირდა, თუმცა ბათუმის ეპიზოდში საქმე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანხის – 9500 ლარის გადახდას უკავშირდება.