„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, ბოლო 10 დღეში, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის ფონზე, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს მოქალაქეთა თავისუფალ შეკრებას და ლახავს მანიფესტაციის ფუნდამენტურ უფლებას, 11 დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ პატიმრობაში მოექცა, ხოლო ერთ ჟურნალისტს მცირე დროით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
ორგანიზაციის თქმით, ეს უკანონო დაკავებები წარმოადგენს მედიის მიმართ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებას და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის კიდევ ერთ ნაბიჯს. დაკავებულთა შორის არიან:
- ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია, რომელსაც მოსამართლემ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. საპატიმრო უკვე დატოვა.
- ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, რომელსაც 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა; ის ასევე გათავისუფლებულია.
- ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის მენეჯერი ცირა ჟვანია, რომელსაც 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს.
- ჟურნალისტი ირაკლი წულაია, რომელსაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.
- „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი და ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, რომელსაც 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს.
- აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელსაც 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
- „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტი და წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელსაც 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს.
- ჟურნალისტი მაიკო ბოკერია, რომელიც 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. მას მეუღლესთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად დაპატიმრებდნენ.
- ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და რეჟისორი გიორგი ლიფონავა, რომელსაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს; საპატიმრო უკვე დატოვა.
- მწერალი, რედაქტორი და ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი ზვიად კვარაცხელია, რომელსაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს; ის უკვე გათავისუფლებულია.
- ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროების“ ოპერატორი ნიკა პატარაია, რომელსაც 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
- ასევე, 24 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ონლაინგამოცება „პუბლიკას“ ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. გათავისუფლებისას მას განუმარტეს, რომ სხვა პირს აერიათ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მკაცრად გმობს ჟურნალისტებზე მასობრივ დევნასა და დაკავებებს და მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, ნებაყოფლობით აღასრულოს კანონის ფარგლებში ჟურნალისტების უფლებები და უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება საქართველოში.


