
პოლიტიკურმა პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველომ“ შეთანხმებას მიაღწიეს თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.
როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, ორი პოლიტიკური ძალა თანხმდება საერთო ბრძოლასა და პრინციპებზე და მზად არიან კოორდინირებულად იმოქმედონ მუნიციპალიტეტების დონეზე. მისი თქმით, შეთანხმება მიზნად ისახავს არა მხოლოდ წინასაარჩევნო თანამშრომლობას, არამედ ოპოზიციური ერთობის მაგალითის დამკვიდრებასაც.
„ქვეყანაში გვაქვს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი – ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია. მმართველი პარტია გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ამ პირობებში აუცილებელია პრაგმატული თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია“, – განაცხადა სიჭინავამ.
მისი განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს ოპოზიციური ძალების მიერ არაპარტიული, ნეიტრალური მერობის კანდიდატებზე შეთანხმებას, ასევე – მაჟორიტარ და პარტიულ კანდიდატებზე კოორდინაციას. სიჭინავას თქმით, ეს არ ნიშნავს მიმდინარე პროცესების ნორმალიზებას, არამედ პროტესტის გაფართოებისა და პოლიტიკური ბრძოლის გაძლიერების სტრატეგიას.
„ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ ურთიერთკონკურენცია თვითმმართველობის არჩევნებზე და ერთად მივაღწიოთ შედეგს, რომელიც არსებულ პოლიტიკურ რეალობას შეცვლის“, – განაცხადა სიჭინავამ.
მისივე თქმით, პარტიები მზად არიან ითანამშრომლონ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, საზოგადოებრივ და სტუდენტურ მოძრაობებთან, თუ ცალკეულ აქტივისტებთან – იმავე პრინციპების ფარგლებში, რაც მემორანდუმშია ასახული.
“ვაცხადებთ უკომპრომისო ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი. ვისაც გერჩით გული და გინდათ რომ აქტიურ წინააღმდეგობაში იყოთ რუსულ რეჟიმთან, შემოგვიერთდით, გეპატიჟებით ამ კოორდინაციის და თანამშრომლობის ფორმატში. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ, ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებს მერებად, მაჟორიტარებად, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ინფორმაციისთვის: „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ გამოეყვნენ ოპოზიციის იმ ფართო სპექტრს, რომელიც უარს ამბობს არჩევნებზე. ეს ორი პარტია მონაწილეობს იმ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც დანიშნულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ, და ამით არ უერთდებიან ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც მთავრობის არაღიარებისა და სისტემური ბოიკოტის გზას ირჩევს.