„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ მათივე ხელისუფლება გრანტების შესახებ კანონში ფუნდამენტურ ცვლილებებს ამზადებს, რომლებიც გრანტების მიღებასა და გარე ლობიზმს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობებთან აკავშირებს.
კირცხალიას თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია „ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დაფინანსების“ აღკვეთა. მისი განმარტებით, ცვლილებები „ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობიდან“ გამომდინარეობს.
კანონპროექტის მიხედვით, მნიშვნელოვნად ფართოვდება გრანტის განმარტება. გრანტად ჩაითვლება არა მხოლოდ ფინანსური ან ნატურალური დახმარება, არამედ ნებისმიერი სახის რესურსი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე გავლენის მოსახდენად – მათ შორის ქვეყნის საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების, გატარების ან შეცვლის მიზნით.
ცვლილებების თანახმად, ასეთი გრანტის მიღება მხოლოდ „ოცნების“ მთავრობის წინასწარი ნებართვით იქნება შესაძლებელი. ეს წესი შეეხება როგორც საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, ისე საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებენ. მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
გრანტად ჩაითვლება ასევე ტექნიკური დახმარება – ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, ექსპერტიზის, მომსახურების ან სხვა სახის მხარდაჭერის ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური სუბიექტი საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს ან მსგავს დახმარებას გასწევს, ეს დაფინანსება გრანტად დაკვალიფიცირდება და მთავრობის ნებართვას დაექვემდებარება.
კანონპროექტი ცალკეულ რეგულაციებს აწესებს არარეზიდენტი იურიდიული პირების ფილიალებისთვისაც. მთავრობის თანხმობის გარეშე მიღებული გრანტი ასეთ შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას უკანონოდ მიღებული თანხის ორმაგი ოდენობით.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა დაისჯება ჯარიმით, 300-დან 500 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე.
კანონპროექტი ამკაცრებს პასუხისმგებლობას ფულის გათეთრებისთვისაც – თუ იგი საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით ხდება, სასჯელი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის სასარგებლოდ საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის სანაცვლოდ ფინანსური ან ქონებრივი სარგებლის გადაცემა ასევე 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს.
ცვლილებები ეხება პოლიტიკურ პარტიებსაც – უცხოური დაფინანსების მიღება პარტიის ხელმძღვანელი პირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდება.



