„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან პირადი კომუნიკაცია ამ ეტაპზე არ აქვს, თუმცა მისი ოჯახის წევრებთან ყოველდღიურად ურთიერთობენ და ინფორმირებული არიან, რომ რიჟვაძის მდგომარეობა უმჯობესდება.
„უახლოესი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თანაგუნდელები ვიყავით. ვმეგობრობდით, მეგობრობის ხარისხზე როგორ ვისაუბრო. [მეგობრობა] არაფერს დაუსრულებია. როგორც ვმეგობრობდით, ისე ვმეგობრობთ. მოვიკითხე ბევრჯერ, თუმცა პირადად ვერ მოვიკითხე იმიტომ, რომ არ აქვს ტელეფონი და საზოგადოებასთან კომუნიკაცია. [გუნდის წევრებისგან] ვიცი. ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ უკეთ და უკეთ არის,“ – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას, მდინარაძის თქმით, როდესაც გამოძიება დასრულდება, განცხადებას, სავარაუდოდ, თავად პროკურატურა გააკეთებს.
„შს მინისტრისგან გავიგეთ, რომ კამერები იყო და ამოღებულია. მიდის ყველა სავარაუდო ვერსიაზე საუბარი. შემდეგ ათასი მანიპულაცია იყო: გეკა გელაძე იყო, მდინარაძე იყო და ეს სისულელეები და ტყუილები ითქვა. რაც ჩვენ გავიგეთ, არ გვაქვს წიაღსვლებში შესვლის უფლება, იქ იყო 4-5 ადამიანი, მათ შორის თორნიკე რიჟვაძის ოჯახის ორი წევრი, მასპინძელი და მასპინძლის 1 თუ 2 მეზობელი. ეს შემადგენლობა იყო. ისინი დაიკითხებიან დეტალურად, შეიძლება გამოიკითხნენ,“ – აღნიშნა მან.
„გლოკის“ ტიპის იარაღით სცადა სუიციდი თორნიკე რიჟვაძემ – პროკურატურა



