ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში ჯილეხის (ციმბირული წყლული) შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, შემოსული სიგნალის საფუძველზე ვეტერინარებმა პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიულმა კვლევამ ცხადყო, რომ შემთხვევა ჯილეხის ინფექციას უკავშირდებოდა.
“შედეგების მიღებისთანავე, სააგენტომ გაააქტიურა ეპიზოოტიურ კერაში მოქმედების პროტოკოლი და დაიწყო ყველა შესაბამისი ღონისძიების განხორციელება. ერთ-ერთი მთავარი პრევენციული ნაბიჯი გახდა დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია განსაზღვრულ რადიუსში. ამ დროისთვის ვაქცინაცია 700-ზე მეტ პირუტყვს ჩაუტარდა. დაბა ოჩხამურში ამოქმედდა საკარანტინო რეჟიმი. აკრძალულია ცხოველების და ტრანსპორტის გადაადგილება, ცხოველის დაკვლა და ხორცის გამოყენება, ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქტების დამზადება, გატანა და რეალიზაცია,” – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



