„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბათუმის პორტში იმყოფება სანქცირებული რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი „CAPIBARA“ და ამის უკან ბიძინა ივანიშვილისა და უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების კორუფციული სქემა დგას.
როგორც ხაბეიშვილი წერს, ტანკერზე დატვირთულია 15 000 ტონა „გაზპრომ ნეფტის“ საწვავი, ხოლო ტვირთის მიმღები „სუსის“ დე ფაქტო ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილია. მისი მტკიცებით, შემოსავალი ამ სქემით მინიმუმ 5 მილიონ ლარს შეადგენს.
შემოსავლების სამსახური ხაბეიშვილის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს. უწყების ინფორმაციით, ტანკერი „CAPIBARA“ ბათუმის პორტში 3 აგვისტოს შემოვიდა ინდონეზიის დროშის ქვეშ, ტვირთით, რომელიც საქართველოში მოქმედი კომპანიისთვისაა განკუთვნილი. როგორც განმარტებაში წერია:
„დადგინდა, რომ სანქციები არ ვრცელდება არც გემზე, არც მფლობელ კომპანიაზე და არც ტვირთზე, რადგან საქონლის ფასი არ აღემატება სანქციებით დაწესებულ ზღვარს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით“.
ასევე, ხაზგასმულია, რომ ტვირთი საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ კანონის ფარგლებში ჩამოიტვირთა და მოექცა იმპორტის პროცესში.
ხაბეიშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტი გასაჯაროვდა 2022 წელსაც და მაშინ ტანკერმა „გემის დატოვება და გაქცევა“ მოასწრო.


