ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის მართვის პირველი გლობალური რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ჯანმოს მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიოში 5-დან 19 წლამდე ასაკის დაახლოებით 400 მილიონი ბავშვი და მოზარდი ჭარბწონიანი იყო, მათ შორის 170 მილიონს სიმსუქნე ჰქონდა. ამ ასაკობრივ ჯგუფში სიმსუქნის გავრცელება 1990 წლიდან ოთხჯერ გაიზარდა და 2%-დან 8%-მდე მოიმატა.
ორგანიზაციის რეკომენდაციით, ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის მართვის საფუძველი უნდა იყოს ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და ქცევის ცვლილებაზე მიმართული პროგრამები. აღნიშნული მიდგომები შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე კომპლექსური პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს.
ჯანმო რეკომენდაციას არ უწევს წონის დასაკლებ მედიკამენტებს, ბარიატრიულ ქირურგიას ან წონის მართვის მოწყობილობებს 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ამ ასაკში ასეთი მეთოდების უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი ეფექტიანობის შესახებ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
10-დან 19 წლამდე მოზარდებში დამტკიცებული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებულმა კომპლექსურმა პროგრამამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მძიმე სიმსუქნის შემთხვევაში, მკაცრი პირობების დაცვით, შესაძლოა ბარიატრიული ქირურგიის განხილვაც.
ჯანმო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ორგანიზაციის შეფასებით, სიმსუქნეს შესაძლოა თან ახლდეს სტიგმა, დისკრიმინაცია და ბულინგი, ხოლო შფოთვა, დეპრესია და დაბალი თვითშეფასება შეიძლება გავლენას ახდენდეს კვებით ქცევასა და ფიზიკურ აქტივობაზე.
ჯანმო აცხადებს, რომ მხოლოდ მკურნალობა სიმსუქნის გლობალურ ზრდას ვერ შეაჩერებს. ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობასა და ფიზიკური აქტივობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. რეკომენდაციები ჯანმოს უფრო ფართო მიდგომის ნაწილია, რომელიც სიმსუქნის მართვას ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე ერთიან, უწყვეტ პროცესად განიხილავს.

