
6 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ სატვირთო მატარებელი შეეჯახა, კვლავ სტაბილურად მძიმეა. ექიმების თქმით, მოზარდი ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ბავშვს ერთი ფეხის ამპუტაცია დასჭირდა – კლინიკაში სწორედ ამ მდგომარეობით შეიყვანეს.
შემთხვევა გუშინ, დღის ბოლოს, ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მოხდა. „აჭარა თაიმსი“ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დააფიქსირა, რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები პრაქტიკულად არ არის დაცული:
- ბაზრის მიმდებარედ არ ჩანს გამაფრთხილებელი ნიშნები;
- არ ფუნქციონირებს სიგნალის ან საყვირის სისტემა;
- ლიანდაგები ღიაა მდგომარეობაშია და არ არის შეღობილი;
მოვაჭრეები ყოველდღიური რისკის წინაშე არიან, თუმცა ამბობენ რომ შანსი მათ ფაქტობრივად არ აქვთ. ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ლიანდაგზე აწყობს დახლებს, ზოგიც – ავტომობილს ლიანდაგზე აჩერებს. მათი თქმით, როდესაც სატვირთო მატარებელი მოძრაობას იწყებს (ეს დღეში სამჯერ ხდება), მემანქანე მათ სიტყვიერად აფრთხილებს და ისინი იმ მომენტში იწყებენ დახლების ალაგებას.
მატარებელი გოგოლის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე მონაკვეთს წინ და უკუსვლით გადის და ზოგიერთ ადგილას დაახლოებით ნახევარი საათით ჩერდება.

ეს ფაქტი მატარებლის ქვეითზე შეჯახების პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი ინციდენტები განსაკუთრებით ხშირია ე.წ. ბარცხანის დასახლებაში, სადაც ბოლო შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.
ადგილობრივების თქმით, ისინი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვენ.