
ბათუმის თეატრის მსახიობები ხელმძღვანელ ნუკრი ქანთარიას წინააღმდეგ დაუმორჩილებლობას აცხადებენ და მის გადადგომას კვლავ ითხოვენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობმა თათია თათარაშვილმა დაწერა.
„მოგესალმებით, ჩვენო ერთგულო და ძვირფასო მაყურებლებო. ვგრძნობთ თქვენს გვერდით დგომას და მხარდაჭერას ჩვენთვის მნიშვნელოვან პერიოდში, ამიტომ ვალდებულად მივიჩნევთ თავს, რომ ჩაგაყენოთ საქმის კურსში. ნუკრი ქანთარიას დასის უმრავლესობა დაუმორჩილებლობას უცხადებს და ერთადერთ მოთხოვნას უყენებს, რომ ის თეატრიდან წავიდეს!“ – წერს მსახიობი.
თათარაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ისინი „უგემოვნო, დაბალი ხარისხის, მდარე შემოქმედებით პროცესს“ იტანდნენ, თანამშრომლობას მაინც ცდილობდნენ, თუმცა ხელმძღვანელმა „ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა“.
„მან მაშინ გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, როცა ჩვენ მეგობრისა და კოლეგის დაკრძალვაზე არ მოვიდა. ეს იყო უპატივცემულობა ბათუმის, თეატრის, დასის, მაყურებლისა და ‘საკუთარი თავის’. დასის უმრავლესობას არ სურს, ითანამშრომლოს მორალისა და ადამიანობის არ მქონე პირთან, მით უმეტეს თუ ის ხელმძღვანელია,“ – აცხადებს მსახიობი.
თეატრის დასი 22 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრას ელოდება, სადაც, როგორც თათარაშვილი აღნიშნავს, „დასის ან ნუკრის ბედი უნდა გადაწყდეს“.
„ვტოვებთ იმედს, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც თეატრს არ დააზიანებს. მაყურებელს მადლობა, მოთმინებისთვის, სიყვარულისთვის და თანადგომისთვის,“ – წერს თათია თათარაშვილი.
პასუხგაუცემელი კითხვები და ჩაშლილი შეხვედრა — ბათუმის დრამატულ თეატრში კონფლიქტი გამწვავდა