
„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ ანგარიშის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ჟურნალისტების, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წინააღმდეგ 434 ინციდენტი დაფიქსირდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დარღვევები მოიცავდა როგორც ფიზიკურ ძალადობასა და უკანონო დაკავებებს, ასევე დასჯის, დაშინებისა და დისკრედიტაციის მცდელობებს. ხშირ შემთხვევებში, ერთ ინციდენტში ერთდროულად რამდენიმე ტიპის დარღვევა ფიქსირდებოდა.
ძირითადი დარღვევები:
- ფიზიკური ძალადობა და დაზიანება – 122 შემთხვევა (ჟურნალისტებზე თავდასხმა, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების გამოყენება აქციებზე);
- ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ჩარევა – 104 შემთხვევა (გადაღების აკრძალვა, ადმინისტრაციულ შენობაში არ შეშვება, სასამართლო სხდომიდან გაძევება და სხვ.);
- სამართლებრივი დევნა – 102 შემთხვევა (დაჯარიმება აქციების გაშუქებისას, ფინანსური სანქციები, სასამართლოში დაბარება, უკანონო დაკავება და დაკითხვები);
- სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და დისკრედიტაცია – 108 შემთხვევა;
- საკუთრებაზე თავდასხმა – 29 შემთხვევა (ტექნიკის დაზიანება ან ჩამორთმევა, ქონების დაზიანება).
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენზე, როდესაც გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, 2-წლიანი პატიმრობით დასაჯეს. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები მის გასამართლებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ, ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული დარღვევები მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ 28 ნოემბრიდან დღემდე, 181 მედიის წარმომადგენელი დაზარალდა.
გარდა ამისა, ქვეყანაში დაფიქსირდა უცხოელი ჟურნალისტების დაუსაბუთებელი არშემოშვების 9 შემთხვევა, მათ შორის – 2024 წლის 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, როდესაც ერთ დღეში 70 დარღვევა აღირიცხა.
ცენტრი მიუთითებს, რომ მიუხედავად საჯაროდ იდენტიფიცირებული თავდამსხმელების არსებობისა, ვერც ერთი მათგანი პასუხისგებაში არ მიცემულა.
ეს მონაცემები, როგორც ორგანიზაცია აფასებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია და დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედიას ექმნებათ ეგზისტენციური საფრთხე.