
„წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ” – ამის შესახებ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ სირბილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს შემცირებულია როგორც ელექტროენერგიის წარმოება, ისე ექსპორტის მოცულობა. ნოდარ სირბილაძე ასევე აღნიშნავს, რომ ჰესების მშენებლობის მიმართულებით ნაკლები აქტიურობის გამო ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა რთული ხდება.
„მიმდინარე წელს ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირებულია, მეორეს მხრივ კი იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. ეს პროცესი ბუნებრივია, რადგან როდესაც ეკონომიკა გეზრდება, მაშინ ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც იმატებს. მოხმარების დაკმაყოფილების ერთადერთი გზა ელექტროენერგიის გენერაციის წყაროების მშენებლობაა, განსაკუთრებით კი ჰესების, რომელზეც მთლიანი გამომუშავებული ენერგიის 70 პროცენტზე მეტი მოდის. სამწუხაროდ, წლის პირველ ნახევარში 25 მილიონი ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჩვენ ჰესების მშენებლობის მიმართულებით აქტიურად არ ვმუშაობთ“.- აღნიშნავს ნოდარ სირბილაძე.
ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა, არამედ კაშხლოვანი ჰესების პოტენციალის ათვისებაც აუცილებელია.
„თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ, მაგალითად, მიმდინარე წელს, როცა ნაკლექი უხვად იყო ჩვენ მოგვიწია ე.წ წყლის დაღვრა, რადგან არსებულ ჰესებს რეზერვუარები არ გააჩნიათ. ჩვენ რომ კაშხლოვანი ჰესები გვქონოდა შევძლებდით, წყალი არათუ დაგვეღვარა, არამედ დაგვერეზერვა და მაშინ როცა ენერგიის დეფიციტი გვექნებოდა, სწორედ ეს რესურსი გამოგვეყენებინა. სამწუხაროდ ეს ჩვენთან ვერ ხდება, რადგან არ გვაქვს მსხვილი ჰესები, რომლებიც მოცემულ პროცესს უზრუნველყოფენ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაზე, აუცილებელია, რომ ვიფიქროთ კაშხლოვანი ჰესების განვითარებაზე, რომლის პერსპექტივაც სულ 3-4 ია საქართველოში“. – აცხადებს ნოდარ სირბილაძე.
კითხვაზე თუ რა უშლის ხელს ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკის სექტორში, ნოდარ სირბილაძე აცხადებს, რომ ბიუროკრატია და ინფორმაციული ვაკუუმი ერთ-ერთი მთავარი პორბლემებია.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სექტორში არსებული ბიუროკრატიაა. დღესდღეობით ინვესტორს მშენებლობის ნებართვის ასაღებად სხვადასხვა უწყებებთან უწევს შეთანხმება, რაც დიდ ბიუროკრატიულ პრობლემას ქმნის. ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს, ხოლო ინვესტორისთვის დრო ფულია და ეს სისტემა მისთვის შემაფერხებელია მიიღოს ინვესტირების გადაწყვეტილება. აქვე გვაქვს არასწორი პრაქტიკაც, როცა გარკვეული პირები ამა თუ იმ ტერიტორიაზე იღებენ მშენებლობის ნებართვას, მაგრამ არ იწყებენ სამუშაოებს, არამედ ელოდებიან რომ რომელიმე უცხოელ ინვესტორს ეს ნებართვა მიჰყიდონ. წარმოიდგინეთ, ინვესტორს უნდა ენერგეტიკაში ფული ჩადის და ამ დროს კონკრეტული პირები მას თანხებს სთხოვენ ამისთვის. შედეგად არც ინვესტორი ინტერესდება და არც ჰესები შენდება. აუცილებელია როგორც ბიუროკრატიის გამარტივება, ისე ნებართვების აღების სახეცვლილებაც. გარდა ამისა ყბადაღებულ პრობლემად მოსახლეობასთან სწორი ინფორმაციის მიტანაა. მიუხედავად წლების გასვლისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა, სამწუხაროდ, მოსახლეობას კვლავ არასწორი შეხედულებები აქვს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, რაც მშენებლობის პროცესს კიდევ უფრო ამოხრუჭებს.“ – განაცხადა ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ სირბილაძემ