თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად 65 ლუქს კლასის ავტომობილი ამოიღო, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით 600 მილიონ ლირას შეადგენს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავტომობილები თურქეთის ტერიტორიაზე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიტანეს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით. აღნიშნული სქემის ფარგლებში მანქანებზე საბაჟო პროცედურები ფორმალურად სრულდებოდა, თუმცა რეალურად ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას.
საქმეზე სამართალდამცავი უწყებები 18 თვის განმავლობაში ახორციელებდნენ ტექნიკურ და ფიზიკურ თვალთვალს. გამოძიების შედეგად, ქემალფაშას რაიონის ჟანდარმერიის სამმართველოსა და სარფის საბაჟო დაცვის კონტრაბანდისა და დაზვერვის სამსახურის ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში დააკავეს 22 პირი, მათ შორის 18 საჯარო მოხელე. ისინი ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილნი.



